ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ჯიბეში ჩაედო“, ჩაიშალა.
როგორც სააკაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, ივანიშვილმა მისი პარტიიდან ჩამოცილების გეგმა ვერ განახორციელა.
„ივანიშვილის გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ „გაქოცების“ და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და არა უკანასკნელი. ჩანაფიქრი, რომ ჩამოვეცილებინე პარტიას და პარტია გადაექცია ლაგამამოდებულ, ყველაფრის გამპრავებლად, ვერ განხორციელდა. პრინციპებზე უარი ვერ გათქმევინათ და ღალატის გზაზე ვერ დაგაყენათ, ვერ გაგტეხათ თქვენ.
ივანიშვილი ვერ გაიგებს, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ტვინამდე ვერასოდეს მივა, თუ რა გვამოძრავებს და რა გვაძლევს ძალას, რომ ხელი არ ჩავიქნიოთ. ოლიგარქებს არ ესმით რა არის პარტია, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოყავთ პარტიები პოლიტიკურ არენაზე და გაყავთ, ესენი არიან მარიონეტები”, – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობას მართავს.