მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკოს მიერ დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან ჩემი შედარება არც თუ კორექტულია

ოდესის გადამდგარი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პასუხობს.
„პრეზიდენტ პოროშენკოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია საქართველოს არჩევნებში და არ შემეძლო ამის გაკეთება სურვილის შემთხვევაშიც კი, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. ვინ, თუ არა მან ზუსტად იცის, რომ დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან ჩემი შედარება არც თუ კორექტულია. ჩემ წარმომავლობაზე აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვის და მსგავსი მოღვაწეების მეთოდებს, მე კი სურვილი მექნებოდა, პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა დადგეს.

უკრაინაში, დაახლოებით, იმავე დროს ჩამოვედი, რა დროსაც ჩემი თანაინსტიტუტელი პეტრო პოროშენკო. ის მოლდოვადან, მე – საქართველოდან და რა თქმა უნდა, მისი მადლიერი ვარ უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთის. ასე რომ, ყველას მოუწევს მიჩვევა, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და მოვიპოვებ გამარჯვებებს, ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში.

პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ გადადგომა ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა, მაგრამ რეფორმების დაპირებით დამიყოლია დავრჩენილიყავი. უბრალოდ, ამჯერად მე აღარ მჯეროდა დაპირებების და საქართველოს არჩევნები აქ არაფერ შუაშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
პოსტსკრიპტუმში ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიუთითებს, რომ სასაცილოა იმის ყურება, პრეზიდენტის ადმინიტრაცია და მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს როგორ აკისრებენ პასუხისმგებლობას ჩემს გადადგომაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი სლოვენიაში ვიზიტისას გააკეთა. ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში. მათ შორის მან დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.

„ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – დასძინა პოროშენკომ.

 

Comments
Loading...