მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

უკრაინის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გიორგი ლორთქიფანიძე გადადგა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას დაპირდა, რომ ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობისა და რემონტის პროექტს მხარს დაუჭერდა, თუმცა პროექტის განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა პეტრო პოროშენკოს მიერ ახალგახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის  დახურვის გამო.

“მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე რეალურად დავიღალე კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგრესის  ძალები პროგრესს უტევენ. ყველა ახალ წამოწყებას საფუძველშივე კლავენ. ყველაფერი ეს მთელი უკრაინის თვალწინ ხდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“არ აქვს მნიშვენლობა, ვის ექნება უკრაინელებისადმი აგდებული დამოკიდებულება – პოროშენკოს თუ  იანუკოვიჩს? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს მათ -ინაკივესკი თუ კონონენკო? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ მიითვისებს ყველაფერს – კოვალჩუკი თუ კლიუევი? რა შეიცვალა ხალხისთვის?” –  აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის ბოლო წვეთი ელექტრონული დეკლარაციების შემოღება გახდა, რომლებშიც უკრაინელ ჩინოვნიკებს მილიონები ჰქონდათ მითითებული.

“ასეთ ვითარებაში მე მივიღე გადადგომის და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...