მიმდინარე სასწავლო წელს სწავლა 11 512-მა მოსწავლემ მიატოვა

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისათვის სწავლა 11 512-მა მოსწავლემ მიატოვა, რაც გასული წლის იმავე მონაცემზე 929-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებით, ბიჭების რაოდენობა (6 677), რომლებმაც მიმდინარე წელს სწავლა მიატოვეს, გოგონების რიცხვს (4 835) 1 842-ით აღემატება.

ყველაზე მეტმა, 3657 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასიდან მიატოვა, მათ შორის ბიჭების რაოდენობა გოგონების რაოდენობას 877-ით აღემატება. ყველაზე ნაკლებმა, 291-მა მოსწავლემ კი სწავლა პირველივე კლასიდან მიატოვა.

საერთო ჯამში, საქართველოში საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, 564 729 მოსწავლე სწავლობს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10 815 მოსწავლით მეტია.

საქსტატის ცნობით, 508 888 მოსწავლე განათლებას საჯარო სკოლაში, 55 847 კი კერძო სკოლაში იღებს. აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან ეს რიცხვი 4 775-ით გაიზარდა.

მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 187 661 მოსწავლე თბილისში, ყველაზე ცოტა, 518 კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სწავლობს.

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2 321 საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებაა. აქედან ყველაზე მეტი – 297 თბილისში, ყველაზე ცოტა – 9 კი ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...