მიშას ჩანაცვლება ვერ მოხდა, რადგან ამის რესურსი პარტიის არცერთ დღევანდელ ლიდერს არ ქონდა – ჩიორა თაქთაქიშვილი

ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩემთვის და პარტიის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარტიის უპირობო ლიდერი არის მიშა, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, ვინმეს რომ ჩანაცვლება შეძლებოდა, ქონდათ 3 წელი, მიშა განდევნილი იყო, იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესიც და ეს ჩანაცვლება სრულიად ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ ვერ მოხდა, რადგან ამის რესურსი პარტიის არცერთ დღევანდელ ლიდერს არ ქონდა.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებას “პრაიმთაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ივანიშვილს სურს, რომ ენმ-მ აღიაროს “ახალი რეალობა” და ისინი, ვინც მან წითელ ხაზებად გამოაცხადა, განდევნდა, დაიჭირა, საქმეები აღუძრა, უნდა ჩამოშორდნენ საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას. განსაკუთრებული ფოკუსი, რა თქმა უნდა, იმთავითვე მიშაზე იყო, პირდაპირი ტექსტით: გაემიჯნეთ სააკაშვილს და მერე კი ბატონო, იყავით ჩემი ოპოზიცია, თქვენ გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გაქვთო. ამის პასუხად, პარტიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა, ვანოს, გიგის და მიშას თანამდებობეზე, რომლებიც რეალურად ვეღარ იღებდნენ სრულფასოვნად მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, არავინ აირჩია და ეს იყო პარტიის ერთიანი პოზიცია.

პარტიის ფუნქციონირებას რომ ხელი არ შეშლოდა, გენერალური მდივნის (ვანო მერაბიშვილის) ფუნქციების სრული დელეგირება მოხდა აღმასრულებელ მდივანზე (სერგო რატიანი), თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის (გიგი უგულავა) მის მოადგილეზე (ნიკა მელია). მიშას რაც შეეხება, გენერალური მდივნისგან განსხვავებით, პარტიის თავმჯმდომარის ფუნქციები უკიდურესად ფორმალურია და არ მოიცავს არავითარ რეალურ უფლებამოსილებას, ის არ არის პარტიის ყოველდღიური საქმიანობის წარმმარველი (გენერალური, აღმასრულებელი მდვინივით) და თან პარტიის ყრილობის მოწვევის უფლებაც კი არ აქვს.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება როდესაც მივიღეთ პოლიტსაბჭოზე, ეს იყო ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული რეალობისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლური აქტი: ვერასდროს მიიღებთ იმას, რაც გსურთ.
ახლა გამოდის, რომ პარტიამ ეს პოზიცია უნდა შეცვალოს. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩემთვის და პარტიის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარტიის უპირობო ლიდერი არის მიშა. ვინმეს რომ ჩანაცვლება შეძლებოდა, გვქონდა 3 წელი, მიშა განდევნილი იყო, იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესიც და ეს ჩანაცვლება სრულიად ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ ვერ მოხდა, რადგან სამწუხაროდ, ამის რესურსი პარტიის არცერთ დღევანდელ ლიდერს არ ქონდა. ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობაა და ენმ-ს სისუსტე.

ამ პირობებში, საქმის ისე გამოყვანა, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად პარტიამ ამ თავის სიმბოლურ ჟესტს უნდა გადახედოს და პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა (რომელსაც არავითარი რეალური მენეჯმენტის ფუნქცია არ აკისრია) მიანიჭოს ვინმე სხვას, თუნდაც იმ ლიდერს, რომელმაც ყველაზე მეტი იშრომა და ყველაზე მეტი ხმა მოუტანა თავის პარტიას, არის თავის მოტყუება და თვალის დაბრმავება.

მე არ ვაპირებ, რომ თვალი დავიბრმავო, ხელი შევუწყო და მხარი დავუჭირო არცერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელთაც პუტინის პროპაგანდისტური მედია აუცილებლად ხელზე დაიხვევს და თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს, აი, სააკაშვილი საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენესო. ვერც იმას შევუწყობ ხელს, რომ ივანიშვილმა თავისი ოცნება აისრულოს, რასაც ამდენია ხანია, დაჟინებით და კატეგორიულად ითხოვდა ჩვენგან: მიშას გაემიჯნეთ და მერე გაღიარებთ ჩემს ოპოზიციადო!

არ ვაპირებ, არაფრის ფასად, რომ ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულ რეალობას შევეგუო, რომელიც მიშას და ენმ-ს სხვა ლიდერებს უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში ჩვენი პარტიის ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ.

სამაგიეროდ, მგონია, რომ მთავარი პრობლემა მაინც საკუთარი პასუხისმგებლობის ვერ დანახვაა. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რამ შეგვიშალა ხელი ან ახლა რა გვიშლის ხელს, რომ ერთ კაბინეტში გამოკეტილი პარტია ისევ სახალხო მოძრაობად ვაქციოთ. რატომ ვერ რეაგირებდა პარტია ეფექტურად პოლიტიკურ პროცესებზე და ძირითადად მხოლოდ ბრიფინგებით და საპარლამენტო დებატებით შემოიფარგლებოდა ოპოზიციური პარტიის საქმიანობა, რატომ არ მისცა გასაქანი პარტიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოვლენილ აქტიურ მხარდამჭერებს, რატომ ვერ დააინტერესა სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, და რატომ არ შეუშალა ხელი თუნდაც იმას, რომ ანდრო ბარნოვი, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები არ გაეუცხოვებინა, რამაც შედეგად დაგვაკარგვინა გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი და ინტელექტუალური რესურსი. ანდროსგან განსხვავებით, ჯაფარიძე და ვაშაძე რომ სამარცხვინოდ მოიქცნენ და ივანიშვილის დავალება შეასრულეს, ამას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ მოყენებული ამ დარტყმის შემდეგ პარტიამ უარი განაცხადა იმ შიდა პრობლემების აღიარებაზე და მათ გამოსწორებაზე, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ და რასაც ჩვენი ძალიან ბევრი ერთგული მხარდამჭერი იზიარებს და გვთხოვდნენ რეაგირებას.

მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, არ შეგვიძლია, საკუთარ თავში ვეძიოთ ნაკლი და როცა გამანადგურებელი შედეგი დგება, ვეძებთ ვიღაცას, ვისაც უნდა გადავაბრალოთ ყველაფერი. მე კი მგონია, რომ უნდა გვეყოს გამბედაობა და ვილაპარაკოთ შიგნით, ჩვენს მხარდამჭერებთან და ვთქვათ, რომ წაგებინადან 4 წლის თავზე მაინც ვერ ვიქეცით ისეთივე წარმატებულ ოპოზიციურ პარტიად, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა 2003 წლამდე.
ამაში მეც ვხედავ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ მხოლოდ ენმ-ს მხარდამჭერების გადასაწვეტია, მაქვს თუ არა უფლება გასული 4 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით ისევ ვიყო არჩეული ერთიან ნაციონალურ მოძრაობის რომელიმე მმართველ რგოლში. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ პარტიის ის არაეფექტური მენეჯმენტი, რომელსაც მხარს არასოდეს ვუჭერდი, უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მიშას დავაბრუნებთ საქართველოში, ვერც პოლიტპატიმრებს გავათავისუფლებთ და ვერც რუსულ ოკუპაციას გავუწევთ წინააღმდეგობას, რომელიც შუშის სასახლიდან ახალი ენერგიით შემოგვიტევს. ასევე მგონია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიშას ლიდერობით სწორედ იმიტომ უნდა ჩაანაცვლოს ივანიშვილის მახინჯი რეჟიმი, რომ ჩვენ დაწყებული საქმე ვერ დავასრულეთ და თუ რამეზე გვაქვს ბოდიში მოსახდელი, პირველ რიგში ამაზე.

NB არაერთი განცხადება ყოფილა აქამდე გამოქვეყნებული ჩემი თანამებრძოლებისგან ციხიდან, ბაჩოსგან, ვანოსგან და ყველას ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობდი, ბაჩომ წიგნიც კი დაწერა იქ. შეიძლება მათ ზოგიერთ მოსაზრებას არ ვეთანმებოდი, მაგრამ ჩემი თავისთვის არ მიმიცია არასოდეს უფლება, რამე საჯაროდ გამეკრიტიკებინა, რადგან ამორალობა მგონია, ციხეში მყოფ ადამიანს უთვალო და უწონო ყველა სიტყვა ან რაიმე ფორმით საჯაროდ გაემიჯნო რომელიმე მათ მოსაზრებას.

ახლა მარტო იმიტომ გადავწყვიტე გამოხმაურება, რომ გიგის წერილი ყველა სხვა წერილისგან განსხვავებით, პარტიის ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა, როგორც დასპონსორებული პოსტი, რაც იმას მიუთითებებს, რომ პარტიის ლიდერშიფის ინტერესია მიშას ყოფნა-არ ყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა. მგონია, რომ ივანიშვილის დასანახად და გულის გასახარად ენმ-ს შიგნით არსებული ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებების გამომზეურებას სენსიტიურ თემებზე და აქ საუბარს, ჯობია შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო წრეში, ყველა ჩვენი მხარდამჭერის, აქტიური თანამებრძოლების ჩართულობით და იქ განვიხილოთ განსხვავებული და უერთიერთსაპირისპირო არგუმენტები, ყოველგვარი რიდის და თავშეკავების გარეშე, რადგან საჯაროდ და „იმედის“ ეთერებიდან ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენი მტერი ხარობს.
სწორედ ამიტომ არ მინდოდა საჯარო დებატებში ჩართვა პარტიის სხვა წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ბოლო დროს საჯარო სივრცეში დემონსტრაციულად გამოთქვამდნენ ჩემთვის მიუღებელ მოსაზრებებს.

მეტიც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი პოლიტსბჭოს რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ამაზე საჯაროდ მესაუბრა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მტერი ხარობდა ან ჩვენი პარტიის ერთიანობას შეიძლებოდა რამე ზიანი მიდგომოდა. დღეს პოლიტსაბჭოა. მე ისევ იქ ვაპირებ ჯერ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას და მერე უკვე, ღიად მომიწევს ბევრ რამეზე საუბარი ჩემს ყველა თანამებრძოლთან, მხარდამჭერთან, რომელთაც უამრავი კითხვა აწუხებთ და ჩვენგან ელიან პასუხებს.

საბოლოო ჯამში კი ყველაფერს სწორედ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, და მათი ასარჩევია, ვის მიანდობენ ისინი ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპის გაძღოლას”, – ნათქვამია ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებაში.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი

Comments
Loading...