“მივხედოთ და მოვუაროთ თბილისს, აღვადგინოთ ძველი უბნები და მათ ახალი ენერგია ჩავბეროთ”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი “ახალი ტფილისი” დედაქალაქის ძველი უბნების მოვლის, აღდგენისა და ახალი ენერგიის მიცემის საშუალებას იძლევა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილ პროექტ „ახალი ტფილისის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი პროექტი ახალი მიდგომებით იქნება გამორჩეული.

„დღეს გვაქვს საშუალება დავიწყოთ ახალი პროექტი „ახალი ტფილისი“, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუაროთ, აღვადგინოთ, ახალი ენერგია ჩავბეროთ ჩვენს ძველ უბნებს. თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი თავისი ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული ადამიანებით, რაც ყველაზე მთავრია. ჩვენი ვალია წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ. განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა, რომ ქალაქის მცხოვრებლებისთვის თბილისი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო. ახალი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ, იქნება ახალი მიდგომებით გამორჩეული. 200-ზე მეტი პროფესიონალი არის ჩართული ამ პროექტში და უახლოეს პერიოდში უფრო მეტიც მიემატება. ესენი არიან არქიტექტორები, რესტავრატორები, ისტორიკოსები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები. პროექტში იქნება ახალი რეკრეაციული ბაღები, პარკები. „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში არა მარტო ფასადებს აღვადგენთ, არამედ მთლიანად განვაახლებთ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია პროექტი დამთავრდეს იმ ვადებში, რაზეც დღეს არის საუბარი. ეს არის 2016 წლის ბოლო. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო ბილიკებით, კაფეებით და ლამაზი ბაღებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშუტები. ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...