მხატვარ თიკო სანიკიძის ტრიუმფი ამერიკაში

მოგითხროახალგაზრდა ქართველი მხატვრის  შესახებ, რომელიც ამჟამად აშშ ში მოღვაწეობს. ეს ნიჭიერი შემოქმედი გახლავთ თინათინ (თიკო)  სანიკიძე. მან წარჩინებით დაამთავრა  საქართველოს არქიტექტურის ინსტიტუტი და წლებია ნაყოფიერად მუშაობს როგორც ინტერიერების დიზაინერი.

თუმცა მე  სულ სხვა კუთხიდან მინდა გაგაცნოთ ეს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვანი. თიკო  უდაოდ  გამორჩეული მხატვარია, ყველასაგან გამორჩეული საკუთარი ხელწერით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, დღეს დაწვრილებით მიმოვიხილავ მხოლოდ ნიუ იორკში 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ  სამ წარმატებულ გამოფენას.

8-30 ნოემბერს თიკოს გრაფიკული ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ძალზედ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში Agora Gallery ში .  მართალია ამ გამოფენაში სხვა უცხოელი მხატვრებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი ქართველი მხატვრის  შემოქმედებამ გამოიწვია. მან მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ექსპერტებისაგან, ასევე ხელოვნებათმცოდნეებისა და დამთვალიერებლების მხრიდან.

მაღალი ინტერესის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თიკო საოცარ ნახატებს ქმნის უბრალო ფანქრით. ის თანამედროვე მხატვარი-ჰიპერრეალისტია. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები იმდენად გავს ფოტოს, რომ ხშირად მტკიცებაა საჭირო იმისა, რომ ჩვენს წინაშეა გრაფიკული ნახატი.

ამასთან დაკავშირებით თიკო ხშირად იხსენებს გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს, რომელიც ლუპით შეიარაღებული აკვირდებოდა მის ნახატებს რათა დარწმუნებულიყო იმაში,რომ ეს ნამდვილად ფანქრით შექმნილი ნახატია და არა ფოტო. ამას წინათ თიკოს ასეთი კურიოზიც შეემთხვა. მან ერთ ერთი სოციალური ქსელის გაყიდვების  გვერდზე ატვირთა თავისი ნახატები. ქსელის ადმინისტრაციამ მას დაუბლოკა ყველა ნახატი ცხოველების გამოსახულებით.

ახსნა ასეთი იყო: ჩვენი კანონმდებლობის თანახმად იკრძალება  ცხოველების გაყიდვაო. ნახატები იმდენად რეალისტური აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორებმა ისინი ცხოველების ფოტოებად ჩათვალეს.

თიკოს მიერ  შექმნილი ჰიპერრეალისტური ნამუშევრები მართლაც განსაკუთრებულია, ისინი საუცხოო ტექნიკითაა შესრულებული. გასაოცარია ყველა მის მიერ შექმნილი ნახატი, მაგრამ მე მაინც პორტრეტებს გამოვყოფდი.

ისინი იმდენად ცოცხალია, რომ მათი ხილვისას  უმალ  მათთან  გასაუბრების სურვილი გიპყრობს. ამ ნახატებში ცხოვრებაა ასახული თავისი მრავალფეროვნებითა და მდიდარი ემოციებით.

Agora Gallery-ს შემდეგ ა.წ. დეკემბრის დასაწყისში თიკომ ნიუ იორკში კიდევ ორი პერსონალური გამოფენა გამართა. პირველ მათგანს მასპინძლობდა ჩვენი საკონსულოს საგამოფენო დარბაზი, ხოლო მეორეს– საქართველოს კულტურის ცენტრი. ორივე გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აქ უკვე წარმოდგენილი იყო 30 -მდე ნამუშევარი (როგორც გრაფიკა, ასევე ფერწერა-აკვარელი და ზეთი). ფერწერული ტილოები გამოირჩევიან ფერთა საუცხოო შეხამებით, ისინი დინამიურია, ცოცხალი და მეტყველი. მათში იგრძნობა სული და მომავლის იმედი.

მხატვარი თვითმყობადია, ის უდაოდ იყენებს როგორც ტრადიციულ ხერხებს, ასევე გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. დამაჯერებლადაა გადმოცემული ბუნების პოეტური სილამაზე. ფერწერა გამოირჩევა ფერების სიმდიდრით, ძალზედ მდიდარია ნიუანსებით და შეხამებებით. მნახველზე ეს ნახატები მაჟორულ-ლირიულ განწყობას ქმნიან.

მათში ფერები ემოციასაც გამოხატავენ. შეუძლებელია ეს სილააზე ნახო და გულგრილი დარჩე. ამიტომ მიდა ვისურვო მალე საქართველოშიც ჩატარდეს თიკო სანიკიძის გამოფენა და ჩვენც მოგვეცეს შესაძლებლობა ვეზიაროთ მის ემოციურ და განუმეორებელ სამყაროს.

გთავაზობთ ინტერვიუს თიკოსთან.

მოგესალმებით თიკო. გთხოვთ მოგვითხროთ თქვენს შესახებ.

მოგესალმებით. დავიბადე თბილისში. რაც თავი მახსოვს ვხატავ. 6 წლის ასაკში მშობლებმა მიმიყვანეს  ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში სადაც შესანიშნავი პედაგოგი ბ-ნი უშანგი ლონდარიძე მასწავლიდა ხატვას. ის ჩემთვის მუდამ იქნება სამაგალითო პიროვნება. შემდგომ სწავლა გავაგრძელე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ესე იგი სპეციალობით არქიტექტორი ბრძანდებით.

დიახ, უფრო ზუსტად ინტერიერების დიზაინერი ვარ. ამ სფეროში უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობ.

—-რაც შეეხება ხატვას. რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

მიყვარს როგორც გრაფიკა,  ასევე ფერწერაც–ვხატავ აკვარელით და ზეთის საღებავებით. თუმცა ბოლო წლებია ძალიან გამიტაცა ჰიპერრეალიზმმა და აშშ ში ჩამოსვლამდე ძირითადად ამ ჟანრში ვმუშაობდი.  ჩემი ნახატების უმრავლესობაც  ამ ჟანრშია შექმნილი.

თქვენი  ნახატები  ძნელად გასარჩევია ფოტოებისაგან. რამდენად რთულია ასეთი მსგავსების მიღწევა. დაახლოებით რა დროს მოიცავს ერთი ნახატის შექმნა?

—მართალს ბრძანებთ. ჰიპერრეალიზმი გულისხმობს ნახატის ზედმიწევნით მსგავსებას დასახატ ობიექტთან. თუმცა ეს არ არის ამ ობიექტის უბრალო კოპირება. ხელოვანმა უნდა შეძლოს შექმნას რეალობის ილუზია, გადმოსცერ მისი თვალით დანახული რეალობა. ასეთი ნახატის შექმნა თექნიკურად რთულია. არცერთი დეტალი არ უნდა გამოგრჩეს. ეს პროცესი ასობით საათი გრძელდება. შეიძლება ერთი ნახატის შექმნას თვეზე მეტიც დაჭირდეს. თუმცა სხვაგვარად შედეგი არ მიიღწევა.

თქვენგან მსმენია მრავალი კურიოზი ამ მსგავსების გამო. მოდით უამბეთ მკითხველს.

დიახ მქონია კურიოზებიც. არასოდეს დამავიწყდება ბაქოში გამოფენაზე მყოფი დამთვალიერებელი, რომელიც ლუპით შეიარაღებული აკვირდებოდა ჩემს ნახატებს რათა დარწმუნებულიყოიმაში, რომ მის წინაშეა ფანქრით შექმნილი ნახატი და არა ფოტოსურათი. იყო კიდევ უფრო სასაცილო ფაქტი. სულ ახლახანს ჩემი ნახატები ავტვირთე ერთ ერთი სოციალური ქსელის გაყიდვების გვერდზე. ქსელის ადმინისტრაციამ დამიბლოკა ყველა ნახატი ცხოველების გამოსახულებით. ახსნა ასეთი იყო. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად გვეკრძალება ცხოველების გაყიდვაო. ნახატები იმდენად რეალისტური იყო, რომ  გვერდის ადმინისტრაციამ ისინი ცხოველების ფოტოებად ჩათვალა.

რომელ საერთაშორისო გამოფენებში მიგიღიათ მონაწილეობა და ყველაზე წარმატებულები მათ შორის.

საკმაოდ დიდი ხანია ვიღებ მონაწილეობას სხვა და სხვა საერთაშორისო გამოფენებში: ეღვიპტეში, იტალიაში, თურქეთში, აშშ ში. პირველი დიდი წარმატება უდაოდ იყო ჩემთვის 2010 წელს გაბალაში( აზერბაიჯანი)  გამართულ მე-3 საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 23 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩემმა ნახატმა გაიმარჯვა ნომინაციაში ” ბედის საჩუქარი” და ეს ნახატი ამ გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა. რა თქმა უნდა  2016 წელს აშშ ში (ნიუ იორკში) გამართული გამოფენებიც ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. აქ 3 გამოფენა გავმართე, მათ შორის 2 პერსონალური.

თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ ნიუ იორკში გამართულ გამოფენებზე. როგორ და ვისი მოწვევით მოხვდით ამ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებში.

ერთი წლით ადრე მე მქონდა პერსონალური გამოფენა რომში, სადაც ცნობილი ექსპერტისა და ხელოვნებათმცოდნის მაღალი შეფასება დავიმსახურე. მან მირჩია მიმემართა ამერიკის გალერეებისათვის , მივწერე რამოდენიმე გალერეას ნიუ იორკში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც გამოფენის გამართვა შემომთავაზა ძალზედ პრესტიჟულმა AGORA GALLERY –მ.  ეს გამოფენა, რომელშიც 5 უცხოელ მხატვართან ერთად მივიღე მონაწილეობა, მთელი თვე გაგრძელდა. მის შემდეგ უკვე 2 პერსონალური გამოფენა ჩავატარე ნიუ იორკში- საქართველოს საკონსულოში და ქართული კულტურის ცენტრში. სამივე გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

რას გამოყოფდით, რა კონკრეტული შედეგი მიიღეთ ამ გამოფენების ჩატარებისას?

ჩემი შემოქმედებით დაინტერესდენ ცნობილი ამერიკული ჟურნალები და გამოცემები. ისეთმა ჟურნალებმა როგორიცაა ”IT’ S A WILD WORLD” და   ” ART ARENA”გამოაქვეყნეს ჩემი ნახატები. ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით როგორც აშშ ში , ასევე საქართველოშიც. უფრო ცნობადი გავხდი ფართო აუდიტორიისათვის. ბევრი მიწვევა მივიღე სხვა და სხვა გალერეებიდან მათ შორის არიზონიდან და ლონდონიდან. გავიცანი  ძალზედ ბევრი აქ მოღვაწე ხელოვანი ადამიანი, დაგეგმილი მაქვს მათთან თანამშრომლობა და ბევრი საინტერესო პროექტი.

თქვენი სამომავლო გეგმები. რას აპირებთ ახლო მომავალში?

გეგმები ბევრი მაქვს. უახლოვესი დაკავშირებულია ისევ გამოფენასთან, რომელსაც სავარაუდოდ გაზაფხულზე გავმართავ და იქ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ აშშ ში შექმნილი ნახატები. აქ ყოფნისას ისევ ფერწერამ გამიტაცა. ეხლა ამ ტილოებზე ვმუშაობ. ვგეგმავ ასევე საქველმოქმედო გამოფენას და მრავალ სხვა პროეტს რომლებზეც ჯერ საუბარი ნაადრევია.

იქნებ რამეს დამატება გსურთ

დიახ. მადლობამინდა გადაუხადო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. მათ გარეშე ჩემი გამოფენები აშშ ში ვერ შედგებოდა.

წარმატებას გისურვებთ თიკო. იმედი მინდა დავიტოვო, რომ უახლოვეს დროში საქართველოში ვიხილავთ თქვენს არაჩვეულებრივ ნახატებს.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაინტერესდით ჩემი ხელოვნებით. ძალიან მინდა ღირსეულად წარვსდგე ქართველი დამთვალიერებლების წინაშე . მეც იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება.

 

„თბილისი 24“

Comments
Loading...