მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია

ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი ლაშა წიქარიშვილი დაკავებულია. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ დაიწყო გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლაშა წიქარიშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შემთხვევა 19 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში ნათლობას აღნიშნავდა, რის შემდეგაც პოლიციელთან დაპირისპირება მოუვიდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ გახდა ის, რომ მამაკაცი პოლიციელის მეუღლეს სატელეფონო შეტყობინებებს უგზავნიდა.
პოლიციელს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Comments
Loading...