მმართველი კოალიცია მაჟორიტარული სისტემის შეცვლას 2020 წლამდე არ აპირებს

ინტერფრაქციულ ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მმართველი კოალიცია მაჟორიტარული სისტემის შეცვლას 2020 წლამდე არ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2016 წლამდე ვერ მოესწრება.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, გია ვოლსკის, თქმით, “ოპოზიცია ცდილობს, შექმნას განწყობა, რომ მაჟორიტარული სისტემა ქვეყნის უბედურებაა“, რასაც მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თემა ისეა წარმოსახული, თითქოს რაღაცა დიდი საქვეყნო უბედურებაა. მე ბევრი დავთმე, როდესაც კოალიციაში გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. კოალიციის შიგნით სხვებმაც დათმეს თავის პოზიციები და შევჯერდით ქვეყნისათვის ყველაზე მისაღებ სტრუქტურაზე,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

დღევანდელ შეხვედრაზე პატრიოტთა ალიანსის შიმშილობის შესახებაც იყო მსჯელობა. ამის თაობაზე შეხვედრის შემდეგ ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, ისაუბრა.

„დისკუსია რომ დაიწყო და ამის ინიციატორი იყო ქართული ოცნება და, ალბათ, უპრეცედენტოა, როდესაც ხელისუფლება თვითონ შედის ამ დიალოგში. დღეს საუბარი იყო იმაზეც, რომ ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ, ჩვენ ნამდვილად გამოვხატეთ მზაობა, რომ შეწყდეს ეს შიმშილობა და დიალოგი მაგიდასთან გაგრძელდეს,“ – განაცხადა კობახიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.