მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ იმსჯელებს
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შერჩევაზე უმრავლესობა ძალიან დიდ დროს არ დაკარგავს.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს.
„ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაშიც, „რესპუბლიკელი“ მინისტრების პასუხისმგებლობა ისევ ისე იქნება გაგრძელებული, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში იყო.
რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ეკონომიკის კარგი მინისტრი იყო, ისევე როგორც კარგი საგარეო საქმეთა მინისტრია“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ახალი პრემიერის კანდიდატურად ყველაზე აქტიურად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.