საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან აქტიური იქნება. მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ყველა დეტალი, ასევე ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ს გადაწყვეტილებების იმპლმენტაციის კუთხით.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იანვარში იგეგმება ნატო -საქართველოს ერთობლივი კომისია, რომელზეც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წარადგენს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
ჯანელიძის ინფორმაციით, თებერვალში არის ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც საქართველო მიიღებს აქტიურ მონაწილეობას.
”ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომიისის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით. მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც შეაფასებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე ჩვენს რეფორმებს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები ნატო-ს გენერალური მდივნის და ნატო-ს მხრიდან. მარტში ასევე დაგეგმილია სტარატეგიული კომუნიკაციების საკითხზე შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა.ამისთვის ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით და ასევე ნატო-ს გენმდივანი აპირებს ამ ღონისძიებაზე დასწრებას.
დაგეგმილია ნატო-ს სამიტი 2017 წელს, თუმცა ეს იქნება მინი სამიტი, რაც გულისხმობს იმას, რომ იქნება მხოლოდ წევრებზე ორიენტირებული და სხვა ფორმატები არ იქნება გათვალისწინებული. მაგრამ, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და თუ იქნება სხვა ფორმატები, საქართველოც იყოს წარმოდგენილი. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ 2018 წლის სამიტზე, სადაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები იქნება წარდგენილი.
შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხითაც ვაგრძელებთ დიალოგს და გაიმართება სხვადასხვა ფორმატებში განხილვები”, – განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.