მოქალაქეებს ხვალიდან ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

მოქალაქეებს ხვალიდან ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა გააფორმეს.
შს-ს ცნობით,  აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები დაინერგება.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები – კერძოდ, განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა.

„ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ. მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში – 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი. შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა“, – აცხადებენ შსს-ში.

Comments
Loading...