მორიდებული ფანატიკოსი – მიხეილ თუმანიშვილი (+ფოტოკოლაჟი)

მიხეილ თუმანიშვილს 6 თებერვალს 96 წელი შეუსრულდებოდა. „თვითონაც ფანატიკოსია და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. ერთ ფანატიკოსს არა უშავს, მაგრამ ყველა ფანატიკოსი ხომ ვერ იქნება“, – ამბობდა თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე მიხეილ თუმანიშვილზე. ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებაში ორი მთავარი საქმე ჰქონდა: პედაგოგობა და რეჟისორობა. ჭირვეული ხასიათი მაქვსო, აღიარებდა და არ უყვარდა, როცა მისი მსახიობი ოჯახდებოდა, რადგან სურდა, მასავით ყველა თეატრისთვის დახარჯულიყო.

„57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ. თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო – თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის. სად შეიძლება მოიძებნოს თეატრი, სადაც სპექტაკლის დღეს ძალიან დაწვრილებით და დიდხანს გადიან სცენებს ამ სპექტაკლიდან? სად არის ისეთი თეატრი, სადაც დღევანდელი სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: „გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე. რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან!“ – მიხეილ თუმანიშვილი 1978 წ. 6 თებერვალი

 

 

 

 

მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე

 

 

,

 

„სულ მგონია, რომ თეატრში რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებდე. გამუდმებით უკმარისობის გრძნობა მაქვს. შესაძლოა, მაკლია სითამამე, არტისტიზმი, სხვა რეჟისორებთან შედარებით, ბევრი სპექტაკლი არ დამიდგამს – დაახლოებით 67, მაგრამ ოთხი თუ ხუთია ისეთი, რომელიც ნამდვილად გამომივიდა, რომელშიც რაღაც ახალი დაიბადა. ჩემთვის ცხოვრებაში მთავარია დილით ადრე ადგომა, მუშაობა და საღამოს იმაზე ფიქრი, რა გავაკეთე დღეს და რა უნდა გავაკეთო ხვალ. ასე ვიცხოვრე 70 წელი, თუ ომის წლებს არ ჩავთვლით. ეს ჩემი მოთხოვნილება იყო და სხვაგვარად არ შემეძლო. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ სიამოვნებით“, – მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომლებთან

 

 

 

 

მიხეილ თუმანიშვილი სტუდენტებთან ერთად

 

 

 

„70 წლის კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან მაინც ვიმუშავებ, იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამას წინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. სარეპეტიციო დარბაზში შევედი თუ არა, დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს“. – მიხეილ თუმანიშვილი

 

 

მიხეილ თუმანიშვილი მსახიობებთან ერთად სიმონეთში

 

 

 

 

„ტრადიცია – ეს ის საუკეთესოა, რაც ქართულ თეატრში დაკრისტალდა. ეს ის გენებია, სადაც წარსულისა და მომავლის ინფორმაციაა ჩადებული. ტრადიცია დედაარსია, მას ვერ მოიგონებდა ორი-სამი ოსტატი და თეატრმცოდნე. ეს ის არის, რაც სვანურ ფრესკებს ბიზანტიურისგან გამოარჩევს, ქართულ საგალობელს, მრავალხმიანობას – მსოფლიოს სხვა ხალხთა სიმღერებისგან. ხშირად მიფიქრია იმაზე, რა გამოარჩევს ქართველს, ვთქვათ, სომეხისგან. ესაა სული და არა ჩოხა“. – მიხეილ თუმანიშვილი

შეხვედრები სიმონეთში

 

 

 

 

მიხეილ თუმანიშვილი და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი

 

 

 

 

„თუ­მა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი რე­ჟი­სო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი აღარ არი­ან.
ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რა­ლურ
ინ­ს­ტი­ტუტ­ში სწავ­ლო­ბენ, მაგ­რამ ვერ გა­ი­გე­ბენ, რა არის თე­ატ­რი,
რე­ჟი­სუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა“. – მსახიობი მურმან ჯინორია.

 

 

 

 

„სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისთვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისთვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი… ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ“. მიხეილ თუმანიშვილი.


მიხეილ თუმანიშვილი და მიხეილ ტოვსტონოგოვი

 

 

 

„ქარი უბერავს, მაგრამ თუ გარშემო დატოტილი ხეები არ არის, ის არ ჩანს. ქარი უხილავია. მაგრამ, საკმარისია, ჯიბიდან ამოვიღოთ ქაღალდის ლენტი და ქარიც მაშინვე ხილული ხდება. აი, უყურე, რანაირ გრიგალებად იკლაკნება. ქმედებაც ასევეა. ცხოვრება, ავტორისეული ტექსტის ქვეშ, დაფარულია. ქმედების ლენტი პიესის სიტყვებიდან გამოთავისუფლებული ცხოვრებისა და ვნებების ზეწოლით ფეთქავს. თეატრში მთავარია, გრიგალი შექმნა. მოძრაობა, აქამდე უხილავი, ხილული გახადო!“ მიხეილ თუმანიშვილი

 

მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე

 

 

 

 

„ძალიან ცუდია სიბერე. ცუდია იმიტომ, რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც გაქვს, გეგმებიც, ფიზიკური ძალა კი აღარ შეგწევს, გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა. თანაც ჭირვეული ხასიათი მაქვს. დილა რომ თენდება, სულ იმას ვფიქრობ, ცუდად არ გავხდე. კიდევ კარგი, ისეთი მეუღლე მყავს, რომ მე თუ შევჩივლე, რამე მაწუხებს-თქო, 70 წლის ასაკში ასეც უნდა იყოსო, – მპასუხობს და ეს ცოტათი მამშვიდებს“. – ამბობდა რეჟისორი.

 

თუმანიშვილის თეატრი

 

 

 

„მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში – აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე. სარეპეტიციო ოთახი თამაშისთვის მზადებაა“. – ამბობდა რეჟისორი.

წყარო:  funtime.ge

Comments
Loading...