მორიგი სამთავრობო ცვლილებები – ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო

მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო ცვლილებები მარტში განხორციელდება.

„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს.

ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.

„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ივანიშვილის მითითებით, რამდენიმე პუნქტით უნდა გამყარდეს ლარის კურსი. სავარაუდო ნიშნულად, 1 აშშ დოლარი 2,25 ლარი განისაზღვრა. აღნიშნულის შედეგად მმართველი კოალიცია „ქადაგიძის ფაქტორზე“ დაიწყებს ყურადღების გამახვილებას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისას, მას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია, თუმცა გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობაში ცალკეულ ცვლილებებს არ გამორიცხავდა.

Comments
Loading...