მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი – უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრების და მათი ინტერესების დამცველის განცხადებებით შეურაცხყოფილია.

როგორც მან საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილი აქვს, საგამოძიებო ორგანოს სათანადო რეაგირებისთვის მიმართოს.

„არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო, უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ, მონაწილეობს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ კარგად გაცნობოდა საქმის მასალებს, სამართლებრივი გზებით ეზრუნა თავისი კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

თუ მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მიზნად არ ისახავდნენ მოსამართლესა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად შეეძლოთ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, სადაც მითითებულია ჩემ მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც მე ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ამავე დეკლარაციაში მითითებულია მისი ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება მის მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას.

„მარტივად შეიძლებოდა იმის გაგება, რომ მოსამართლის ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა იძლეოდა მის მიერ წინმსწრებად კრედიტის გადახდის შესაძლებლობას“, – განაცხადა მოსამართლემ.

როგორც მან აღნიშნა, ბანკში ორი სესხი არ ჰქონია.

„მე მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით, რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღების და მოგვიანებით ლარში გადატანით. საინტერესოა, ვისგან უნდა ამეღო ქრთამი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში? ალბათ, ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავიდანვე გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. მაშასადამე, მიანიშნეს დაზარალებულ მხარეზე“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით უკმაყოფილი იყო დაზარალებული მხარე.

მისი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი და ჰუმანურად მიიჩნიეს მსჯავრდებულ პირებზე გამოტანილი განაჩენის ხანგრძლივობა.

ასევე, მოსამართლემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მისი ძმა პროკურატურაში 15 წელია მუშაობს და თუ რაიმე კითხვა არსებობდა, პროცესის მონაწილე მხარეებს სასამართლოს დროს შეეძლოთ დაესვათ ეს კითხვები.

ბადრი კოჭლამაზაშვილი აპირებს, პროკურატურას მიმართოს და აცხადებს, რომ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, სათანადოდ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მსგავსი განცხადებები გაავრცელეს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ქრთამი აიღო.

გიორგი ცააძის დის განცხადებით, მოსამართლემ განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ თვეში ორი იპოთეკური სესხი წინასწარ დაფარა. ირინა ცააძის განცხადებით, იპოთეკური სესხები რამდენიმე ათასს შეადგენდა. მისივე ინფორმაციით, მოსამართლის და მისი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა სესხების წინასწარ დაფარვის შესაძლებლობას არ იძლევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Comments
Loading...