მსჯავრდებულებს მათი ნამუშევრების ინტერნეტით გაყიდვის საშუალებას მისცემენ

მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, ინტერნეტით, ონლაინმაღაზიების საშუალებით, საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულები მუდმივად, ინდივიდუალურ რეჟიმში აკეთებენ ძალიან ლამაზ ნაკეთობებს, თუმცა მათი ნამუშევრები დაწესებულებაში რჩება.

„ყველაზე მთავარი ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ეს არის პატიმრობის კოდექსში ცვლილებები.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მსჯავრდებულები მუდმივად, ინდივიდუალურ რეჟიმში აკეთებენ ძალიან ლამაზ ნაკეთობებს, მაგრამ ამავდროულად, მათ არ აქვთ საშუალება ამ ნაკეთობების გაყიდვის. ის ხატები, ის ძალიან ლამაზი ნახატები, მინანქრის ნამუშევრები უბრალოდ, რჩება დაწესებულებაში. ჩვენ ამ ცვლილებით ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ელექტრონული ონლაინმაღაზიების საშუალებით გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, პატიმრები დაამზადებენ ნამუშევრებს ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ. ადმინისტრაცია კი ნამუშევრებს ონლაინმაღაზიაში განათავსებს და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, შეიძინოს პატიმრის ნამუშევარი.

კახიშვილის თქმით, ნამუშევრებში მყიდველის მიერ გადახდილი თანხა პირდაპირ პატიმრის ელექტრონულ ანგარიშზე გადაირიცხება.

Comments
Loading...