მსოფლიო ლიდერები “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად თბილისამდე ფეხით მოდიან

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება. როგორც ჩვენი ფარული კორესპონდენტი იუწყება, აქციები “რუსთავი 2”-ის საკითხსა და საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. ბარაკ ობამას დანა პირს არ უხსნის და განცხადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, ვალიდოლებისა და კორვალოლების” ფონზე დაიწერა, _ ამბობს წყარო.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ობამამ “რუსთავი 2”-ის შესახებ შეიტყო, შეუძლოდ შეიქნა და მის გარემოცვას პრეზიდენტის ნიშადურით მობრუნება სამჯერ მოუწია. წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და ობამას შორის სკაიპსაუბარი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხმა არა მხოლოდ ობამა, არამედ ევროპის დედალ-მამალი ლიდერებიც გვარიანად შეაშფოთა. როგორც ცნობილია, ინფორმაციის შეტყობის შემდეგ გერმანიის კანცლერ მერკელს რამდენიმესაათიანი ფაღარათი დაემართა. მისი პირადი ექიმის ცნობით, ნერვიულობის დროს ქალბატონი კანცლერი ასეთ მდგომარეობაში ვარდება.

ევროპულ-ამერიკული პოლიტელიტა და ხელოვანთა წრე სპეციალურ ფონდს ქმნიან, რათა საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაიცვან. ჰოლივუდის კინოინდუსტრიის მოგებული თანხის 50 პროცენტი სწორედ “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად გამოიყოფა, ჰოლივუდის მსახიობები უარს ამბობენ ჰონორარების მიღებაზე და მას “რუსთავი 2”-ს ურიცხავენ.

ამერიკის მოსახლეობამ შავი საათის დღე დააწესა. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ “რუსთავი 2”-ის წილების დაყადაღების შესახებ შეიტყვეს.

ნატოს წევრი 28-ვე სახელმწიფოს ლიდერმა “რუსთავი 2”-ის სამკერდე ნიშნები წარწერით “რუსთავი 2” ჩემია” მოითხოვა, რომელიც უკვე ფოთის პორტშია და გაგზავნას ელოდება.

ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო ფეხზე დგას, ყველა ერთსულოვნად თანხმდება, რომ ივანიშვილმა ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა, სიტყვის თავისუფლება ასფიქსიით იტანჯება.

მსოფლიო ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სიმბოლურად თბილისამდე ფეხით მსვლელობას აპირებენ, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლობა აცხადებს, ბარაკ ობამა ამ ამბის გაგების შემდეგ კვლავ სუსტად გრძნობს თავს და ვერ ახერხებს ჩამოსვლას.

ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, იენს სტოლტენბერგი, ჯეიმს აპატურაი და დალია გრიბაუსკაიტე შავი ლენტით და ამაყი სახით მოაპობენ ევროპის ბილიკებს და ყველა ერთად თბილისის შემოსასვლელში, დიღმულას ხიდთან მოიყრის თავს.

ივანიშვილი შუშის სასახლეს ყიდის, ღარიბაშვილი ოთახში ჩაიკეტა და გარეთ არ გამოდის, ხიდაშელი კამუფლიაჟით ცდილობს მიმალვას, უსუფაშვილი ჩვეული სიმშვიდით ცდილობს შიშის დაფარვას, მაგრამ გვიანია! დადგა დრო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ერთხელ და სამუდამოდ ეთქვას დიდი არა.

Comments
Loading...