მსოფლიოს 12-მა ქვეყანამ ახალი ეკონომიკური გაერთიანება შექმნა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12 ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური გაერთიანების – ტრანს-წყნარი ოკეანეთის პარტნიორობის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ახალ გაერთიანებაში გაწევრიანდნენ აშშ, იაპონია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მექსიკა, პერუ, ჩილე, მალაზია, ბრუნეი, სინგაპური და ვიეტნამი.
მოლაპარაკებები ჯერ
კიდევ 2008 წელს დაიწყო, ხოლო საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას აქტიური ჩართულობით მიაღწიეს.
როგორც მოსალოდნელია, ტრანს-წყნარი ოკეანეთის პარტნიორობის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონაც შეიქმნება.

გეგმის თანახმად, ბლოკის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტები შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს 2 წელიწადში მოახდენენ.
ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ახალი ეკონომიკური გაერთიანებით ვაშინგტონი რეგიონში ჩინეთის გავლენის შეკავებას ცდილობს. შემთხვევითი არ არის, რომ ახალ ეკონომიკურ ბლოკში ჩინეთი ვერ მოხვდა.

„როდესაც ჩვენი პროდუქციის 95%-ზე მეტი პოტენციური მომხმარებელი აშშ-ის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ვერ მივცემთ უფლებას განსაზღვრონ მსოფლიო ეკონომიკის წესები. ეს წესები ჩვენ უნდა დავწეროთ და ამერიკული პროდუქციისთვის ახალი ბაზრები გავხსნათ“
, – აცხადებდა ბარაქ ობამა გასული წლის ოქტომბერში.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, მოსკოვი ამ ბლოკის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. 2014 წლის ნოემბერში, ჩინურ მედიასთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა – აშშ-ის მორიგი მცდელობაა, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის სისტემა საკუთარ ინტერესებს მოარგოს.

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...