მსოფლიოს სპეცსამსახურები (დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ავღანეთი, ირანი)

დიდი ბრიტანეთი


ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობას ხელს უწყობს საკანონმდებლო გარემო, რომელიც ამ საქმიანობით დაკავებულ უწყებებს ხელსაყრელ უფლებებს ანიჭებს.

დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო საქმიანობას ხელისუფლების საკანონმდებლო ფრთიდან პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, ხოლო აღმასრულებელი ფრთიდან – მინისტრთა კაბინეტის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების კოორდინატორი აკონტროლებენ. ეს უკანასკნელი პოსტი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შემოიღეს. ფაქტობრივად, პოსტი შესაბამისი საქმიანობის მინისტრის პორტფელის ტოლფასია. მის დაქვემდებარებაში მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული სპეცსამსახურები – MI5, MI6 და GCHQ შედიან. გარდა ამ უწყებებისა, ბრიტანეთში შექმნილია “ტერორიზმთან ბრძოლის ბრიტანული სისტემა”, ხოლო სადაზვერვო საქმიანობით ე.წ. “სპეცსამსახურების გაერთიანებული კომიტეტია (Joint Intelligence Committee – JIC) დაკავებული.


საგარეო დაზვერვას ბრიტანეთში ახორციელებენ:

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სამდივნოს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები – MI6–ის დაზვერვის საიდუმლო სამსახური (MI6 Secret Intelligence Service – SIS) და GCHQ სამთავრობო კავშირების ცენტრი (Government Communications Headquarters).

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები – სამხედრო დაზვერვის შტაბი (Defence Intelligence Staff – DIS) და MI6–თან მჭიდრო კავშირში მყოფი, არმიის სტრუქტურაში შემავალი დანაყოფი – სპეციალური სადაზვერვო–დივერსიული საჰაერო–სადესანტო სამსახური (SAS).

სამეფო სამხედრო–საჰაერო ძალებში (Royal Air Force) შემავალი უწყებები– სამხედრო–საჰაერო ძალების საჰაერო დაზვერვის გაერთიანებული ცენტრი (Joint Air Reconnaissance Intelligence Centre – JARIC) და მოიერიშე ჯგუფი (Strike Command).

შეინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები– MI5 – უსაფრთხოების საიდუმლო სამსახური; SOCA – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტო; პოლიციის სპეცსამსახური – Metropolitan Police Special Branch; სპეციალური გამოძიებების განყოფილება (სამხედრო პროკურატურა) – Special Investigations Branch და სპეციალური საავიაციო სამსახურის ბრიგადის შტაბში შემავალი ტერორიზმთან ბრძოლის დაგეგმვისა და კონტროლის გაერთიანებული ჯგუფი.

ისრაელი


ისრაელში სადაზვერვო საქმიანობას ე.წ. “სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭო” (ვაადათ რაშეთ ხაშერუთიმი) ხელმძღვანელობს. სწორედ “ვადაათი” ახდენს ყველა იმ უწყების კოორდინაციას, რომელთაც სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციასთან რაიმე სახის შეხება აქვთ. ასეთები კი ქვეყანაში რამდენიმეა:

საიდუმლო სადაზვერვო სამსახური “მოსადი” (მოსად ლეტაფქიდიმ მეიუჰადიმი) – ისრაელში სადაზვერვო ინფორმაციის ძირითად მომპოვებლად “მოსადი” ითვლება. ის უშუალოდ პრემიერ–მინისტრს ექვემდებარება და პასუხს საზღვარგარეთ ოპერაციების ჩატარებაზე აგებს;
კონტრდაზვერვა “შინ–ბეთი” (“შაბაქი”, იგივე შერუთბითახონკლალი) – ისრაელში პრემიერ–მინისტრს ექვემდებარება კონტრდაზვერვაც და ის პასუხს ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე აგებს;
სამხედრო დაზვერვა “ამანი” (აგაფ მოდინ შენ მატე კლალი) – ის ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის უფროსის დაქვემდებარებაშია და სამხედრო–სტრატეგიული დაზვერვით არის დაკავებული. რადიოგადაჭერები და მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ტექნიკური დაზვერვა სწორედ მის კომპეტენციაში შედის;
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევისა და პოლიტიკური დაგეგმვის ცენტრი (ღია და ოფიციალური წყაროების ანალიზი) – ეს ცენტრი კვლევით საქმიანობასა და პოლიტიკურ დაგეგმარებას აწარომებს. ის პოლიტიკურ კვლევებს ატარებს და ქვეყნის პოლიციას საზღვრების დაცვაშიც ეხმარება;
“ნათივი” (“ლიშქათ ჰა ქეშარი”, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ვარშავის შეთანხმების ქვეყნებში არსებულ ებრაულ თემებთან კავშირის ბიურო) – ეს უწყება უცხოეთში მცხოვრები ებრაელების მოძიებით და მათი იმიგრაციით არის დაკავებული.
ისრაელის სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:


არაბული ქვეყნები – მათი შესაძლებლობები, კავშირები დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებთან, მათი ოფიციალური წარმომადგენლობები, მათი ლიდერები და ამ ქვეყნების ზრახვები ისრაელთან მიმართებაში;
არაბული ქვეყნების პილიტიკა ერთმანეთთან მიმართებაში, ფსიქოლოგიური ფაქტორები და სხვა ასპექტები;
აშშ, აშშ–ს პოლიტიკა და საიდუმლო გადაწყვეტილებები, მ.შ. ისრაელთან მიმართებაში;
აშშ–სა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების სამხედრო–ტექნიკური დაზვერვა;
რუსეთი, პოსტსაბჭოთა ბანაკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვვეყნების პოლიტიკა და საიდუმლო გადაწყვეტილებები, მ.შ. ისრაელთან მიმართებაში;
ებრაელთა ემიგრაცია ამ ქვეყნებიდან;
პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის სადაზვერვო ინფორმაცია ისრაელისთვის საინტერესო რეგიონებიდან, მაგალითად, აფრიკიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.
ანტისიონისტური მოძრაობები მსოფლიოში.
ისრაელის სპეცსამსახურები აქტიურად ატარებენ ღონისძიებებს არაბული პროპაგანდისა და ანტისიონისტური საქმიანობის შედეგების გასანეიტრალებლად, ახორციელებენ ფართომასშტაბიან საიდუმლო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნახევრად სამხედრო პროგრამებს.

გასულ საუკუნეში ისრაელის სპეცსამსახურებს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაცია ჰქონდათ. ამ რეპუტაციას წარმატებული ოპერაციების სიჭარბე განაპირობებდა, ხოლო ამ წარმატებებს ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობდა. მაგალითად, სადაზვერვო საქმიანობა ისრაელში ისეთი ორიგინალური ფორმით რეგულირდებოდა, რომ მთავრობას, პრაქტიკულად, ყველა იმ საქმიანობის უფლება ეძლეოდა, რაც კანონით სხვა უწყებებზე არ არის დელეგირებული. ამასთან, ისრაელში სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შპიონაჟი უმკაცრესად ისჯებოდა (ეს ახლაც ასეა). საინტერესოა, რომ გასული საუკუნიდანვე, ისრაელის სპეცსამსახურების სტრუქტურა ისეა ორგანიზებული, რომ მათ, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას ყველა სახელმწიფო უწყება და ებრაული არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები უწევენ, როგორც თავად ისრაელში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თუმცა, დღეს ისრაელის სპეცსამსახურებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი კორუფციასა და შიდა ინტრიგებში ჩაეფლნენ, კომპეტენცია აღარ ჰყოფნით და ისეთი წარმატებულები აღარ არიან, როგორც ადრე. “მოსადს” ყველაზე დიდ წარუმატებლობად იმას უთვლიან, რომ თავის დროზე მომხრეებად ჩაფიქრებული “ჰეზბოლა” და “ჰამასი” დააფინანსა, შემდეგ კი მათზე გავლენა დაკარგა და საბოლოოდ მათი სახით დაუძინებელი მტერი შეიძინა. რიგით მეორე წარუმატებლობა კი ისრაელის სპეცსამსახურებმა 1995 წელს განიცადეს, როცა ქვეყანას გასული საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, პრემიერ–მინისტრი იცხაკ რაბინი მოუკლეს, მკვლელი კი არც მეტი, არც ნაკლები, “შინ–ბეთის” ინფორმატორი აღმოჩნდა.

ავღანეთი


ჰად–ი (خدمات امنیت دولتی – ჰედამათ–ე ამნიიიათ–ე დოვლათი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური). ჰად–ის წინამორბედი იყო AGSA 1978–79 წლებში (ხელმძღვანელი – ასადულა სარვარი) და КАМ 1979 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე (ხელმძღვანელი – ასადულა ამინი).

ჰად–ი 1980 წლის იანვარში შეიქმნა. მის შექმნაში საბჭოთა კგბ–ს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. უწყების ფუნქციებში კონტრდაზვერვა, “კონტრრევოლუციურად განწყობილი იატაკქვეშელების, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტული ჯგუფების გამოვლენა და მათი ძირგამომთხრელი საქმიანობის აღკვეთა” შედიოდა.


2010–იან წლებში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნატო–ს ოპერაცია განხორციელდა, ავღანეთში ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები, პრაქტიკულად ხელახლა ჩამოყალიბდა. ეს პროცესი რთულ პირობებში მიმდინარეობდა: ქვეყნის უდიდეს ნაწილს ჰამიდ ყარზაის ხელისუფლება აკონტროლებდა, თუმცა აქ მოქმედებდა ათობით შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას ან საერთოდ არ სცნობდნენ, ან სცნობდნენ, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ და საკუთარი წესების კარნახს ლამობდნენ. მათ შორის იყო რამდენიმე მძლავრი კრიმინალური დაჯგუფებაც, რომელთა შემოსავალიც ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით იყო უზრუნველყოფილი და ბევრი მათგანი მეზობელ ქვეყნებში – პაკისტანში, სამხრეთ–აღმოსავლეთ ირანსა და შუა აზიის სახელმწიფოებში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული.

ამ ვითარებაში ყარზაის ადმინისტრაციის მთავარი საყრდენი თავდაცვის მინისტრის მოჰამად ყასემ ფაჰიმისადმი დაქვემდებარებული დანაყოფები იყო (“შურა–ე ნაზარ–ი შამალი”), რომელთა საერთო რიცხოვნობაც 10 ათასს შეადგენდა. სწორედ ამ ბირთვის გარშემო (ვისი 75% ტაჯიკი ეროვნების მებრძოლები იყვნენ) მოხდა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ფორმირება. არსებობს მოსაზრება, რომ სამეთაურო შემადგენლობაში გავლენის აგენტები ან ჩანერგილი აგენტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, მათ შორის – რუსეთს და აშშ–ს ჰყავთ. ქვეყანაში დღემდე არსებობს რიგი მძლავრი დაჯგუფებები (ძირითადად, პუშტუნები და სხვა ეთნოსები), რომელთა ლიდერებიც ირანის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქეთის და, ზოგ შემთხვევაში, საუდის არაბეთის დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი და, ამდენად, მათი გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.

ირანი


უძველესი დროიდან ირანის სიძლიერე ეყრდნობოდა არა მხოლოდ იარაღის ძალას, არამედ საიდუმლოების ფლობასაც. დეზინფორმაციის ხელოვნებას, ინტრიგებს და აგენტურულ საქმიანობას სპარსელები სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევდნენ. სასანიდელი მმართველი ხოსროვ II ფარვიზი, რომელმაც ბიზანტიის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ოლქები დაიპყრო, ხშირად იმეორებდა: “კარგი ხრიკი მთელი ჯარის ფასიაო”. სპარსეთის შაჰების შთამომავლები დღემდე რჩებიან ამ უძველესი სიბრძნის მიმდევრებად…

…ირანის თანამედროვე სპეცსამსახურების დაარსების ათვლის წერტილად 1957 წლის შემოდგომა ითვლება, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და მოსადის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა ინფორმაციისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია (SAVAK). მის შექმნაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა (ირანის დაზვერვის ფუძემდებელმა ტიმორ ბახტიარმა სამხედრო აკადემია საფრანგეთში დაამთავრა). თეირანში საბჭოთა კავშირის ყოფილი სამხედრო ატაშეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ–მაიორ სერგეი კრახმალოვის სიტყვებით, “…SAVAK–ს მრავალი წლების განმავლობაში შიშის ქვეშ ჰყავდა მთელი ირანის მოსახლეობა. ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთაც კი აკანკალებდათ მისი ხსენებისას…”. ამ სპეცსამსახურის მთავარ ამოცანას შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. არსებული მონაცემების თანახმად, ამ ორგანიზაციის მხოლოდ 22 წლიანი არსებობის პერიოდში მის ჯურღმულებში სამასოთხმოცი ათასზე მეტი ადამიანი იქნა ნაწამები.

მაშინ SAVAK–ის ძირითადი მოწინააღმდეგენი იყვნენ ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნებისა და და მათი მოკავშირე სსრკ–ს სპეცსამსახურები. ამასთანავე, SAVAK–ის მესამე შეფმა ნემატოლა ნასერმა 1968 წელს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან კონტაქტების დამყარების დაინტერესება გამოხატა. კერძოდ, მისი ინტერესი მაშინდელ საბჭოთა კავშირში “კონტრდაზვერვითი ტექნიკის” შეძენაში მდგომარეობდა.

თავისი გიგანტური რეპრესიულ–პოლიციური აპარატის მიუხედავად (15 000 თანამშრომელი) SAVAK–მა 1979 წელს მაინც ვერ შეძლო თავიდან აეცილებია შაჰის რეჟიმის დამხობა. ლეონიდ შებარშინის მემუარების თანახმად, რომელიც 1979 – 1983 წლებში ირანში საბჭოთა რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა, ისლამურმა რევოლუციამ არსებითად შეასუსტა ამ ქვეყანაში საბჭოთა დაზვერვის პოზიციები. ასევე არანაკლები მტკივნეული დარტყმა მიაყენა მას სამი წლის შემდეგ ინგლისში კგბ–ს საგარეო დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლის ვლადიმირ კუზიჩკინის გაქცევამ, რომელსაც შეხება ჰქონდა საბჭოთა მზვერავ–არალეგალების მუშაობასთან. შემდეგ, 1983 წლის თებერვალში ხომეინის რეჟიმმა დაიწყო მასიური რეპრესიები ირანის სახალხო პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მრავალრიცხოვანი მომხრეები გააჩნდა არმიის ოფიცრობაში და აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა დაზვერვასთან და სირიის სპეცსამსახურებთან.

დადგა ახალი სპეცსამსახურების დრო – ისლამური რესპუბლიკისა. SAVAK–ის მთავარი მემკვიდრე გახდა ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უშიშროების ორგანიზაცია. იგი ფორმირებული იქნა ორი ძირითადი ელემენტებისაგან: SAVAK–ისა და ირანული შიიტური იატაკქვეშეთის სტრუქტურებიდან, რომლებიც ქაიროს უშიშროების სამსახურისა და პალესტინის გამანთავისუფლებელი ორგანიზაციის ხელშეწყობით სამხრეთ ერაყსა, ლიბიასა, ეგვიპტესა და აშშ–ი 60–იან წლებში შეიქმნა. ახალი რეჟიმი სამსახურს ძირითადად SAVAK–ის სადაზვერვო სტრუქტურებიდან ოფიცრებით აკომპლექტებდა. ყველაზე დიდად ფასობდნენ ისინი, რომლებიც მუშაობდნენ ერაყისა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების მიმართულებით.

შედეგად, ახალი სამსახური, ისე როგორც მისი წინამორბედი, ცდილობს გამოიყენოს ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის შიიტური თემები. ამან არსებით გააფართოვა ირანული სპეცსამსახურების შესაძლებლობები და მათ სუნიტურ ფუნდამენტალისტებზე თავისი გავლენის გავრცობის საშუალება მისცა.

SAVAK–ის მსგავსად, ხომეინის რეჟიმის უშიშროების სტრუქტურები პირველ რიგში დაკავებულები იყვნენ ოპოზიციური აქტიურობის აღკვეთით. დაზვერვის ახალ ორგანოებს საზღვარგარეთ გაუჩნდათ მყარი პოზიციები ერაყში (ადგილობრივი შიიტური და ქურთული ოპოზიციის, კერძოდ – “ხიზბ ალ–დაუა ალ–ისლამიიას”, ხოლო 1982 წლიდან –”ერაყში ისლამური რევოლუციის უმაღლესი საბჭოს” ორგანიზაციების დამსახურებით); ლიბიაში (“ამალის”, ხოლო 1982 წლიდან – “ხეზბოლახის” ორგანიზაციების დამსახურებით); საუდის არაბეთში (შიიტური ოპოზიციის დახმარებით, რომელიც 1979 წლის დასასრულს შეეცადა მექას დაპყრობას შემდგომში მონარქიის დამხობის მიზნით), ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში (30 000 ირანელის სტუდენტის დახმარებით, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ამერიკაში ისლამური სტუდენტების ასოციაციაში) და საფრანგეთში.

არსებული ცნობების თანახმად, ახალი ორგანიზაციის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი – (რომელიც წარსულში შედიოდა SAVAK–ის ხელმძღვანელობაში, ხოლო 70–იანი წლების დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა “დაზვერვის სპეციალური სამმართველოს” ავტონომიურ სტრუქტურას) – ხოსეინ ფარდუსტი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან სუკ-თან თანამშრომლობის ეჭვით და 1985 დეკემბერში, როგორც “საბჭოთა აგენტი” აღმოჩნდა ციხეში. ამავდროულად, დაზვერვის აპარატში ჩატარებული იქნა მასიური წმენდა, თვით სამსახური 1984 წელს გარდაქმნილი იქნა ინფორმაციის სამინისტროში, რომელიც პრაქტიკულად ახორციელებს დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროს ფუნქციებს. სამინისტროს პირველი შეფის მოხამადი რეიშახრის (1984–1989 წწ) დროს დაზვერვამ თითქმის დღევანდელი ფორმა მოიპოვა, ასევე გამოიკვეთა მისი საზღვარგარეთ მუშაობის ძირითადი მიმართულებები (მაშინ ძირითადი მნიშვნელობა ეთმობოდა ავღანეთსა და ერაყს). ამის გამო მისმა შემცვლელმა საალი ფალახიანუმ (1989–1997 წწ) შეძლო სამინისტროს ერთ-ერთ უძლიერეს მსოფლიო სპეცსამსახურად გარდაქმნა. მისი ხელმძღვანელობით ირანის დაზვერვამ არაბულ-ებრაულ და ბსონიის კონფლიქტებზე, ასევე ალჟირის ისლამურ მოძრაობაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები მოიპოვა; გააძლიერა თავისი პოზიციები ლიბანსა და პაკისტანში, მყარად დამკვიდრდა გერმანიაში, ტაჯიკეთში, სომხეთში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ფალხიანმა ასევე საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია არა მარტო საერთაშორისო ისლამისტური ორგანიზაციები, არამედ ბევრი მემარცხენე რადიკალური დაჯუფებები, როგორიცაა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი – საერთო მეთაურობა” და ბერძნული “17 ნოემბერი”.


ფალახიანის მემკვიდრემ – დორი ნადჟაფაბადმა ინფორმაციის მინისტრის პოსტი სულ ცოტა ხნით შეინარჩუნა. მისი მინისტრობის პერიოდში იფეთქა სკანდალმა – მისი უწყება დაადანაშაულეს იმ ცნობილი 70 ჟურნალისტის ლიკვიდირებაში, რომლებიც აიატოლის რეჟიმს აკრიტიკებდნენ. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ნადჟაფაბადმა აღიარა ბრალდებების საფუძვლიანობა და 1999 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა ფალახიანის ექს–მოადგილეს უშიშროებისა და დაზვერვის საკითხებში საიდ ემამის, რომელიც იმავე წლის ივნისში ციხეში “თვითმკვლელობით” დაასრულა ცხოვრება.

ინფორმაციის სამინისტროს დღევანდელი შეფი ალი იუნესი – სპეცსამსახურის მეოთხე ხელმძღვანელია. იგი ითვლება სამინისტროს პირველი შეფის – რეიშახრის ხელდასმულად და ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში კონსერვატიული ბანაკის მომხრედ. ხოლო იუნესის მოადგილის პოსტი უკავია ალი რაბინს, ქვეყნის პრეზიდენტის პროტეჟეს.

როგორც სამინისტროს შეფი, იუნესი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლობის განვითარებას დსთ–ს ქვეყნების სპეცსამსახურებთან, კერძოდ – რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპეცსამსახურებთან. მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი ივანოვთან ავღანეთის მიმართულებით ურთიერთმოქმედებებზე და აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრთან რადიკალურ სუნიტურ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხებზე.


დღეისათვის სამინისტრო მოქმედებს მსოფლიოს 40–ზე მეტ სახელმწიფოში. მისი საშტატო განრიგია 4 000 თანამშრომელი (და 30 000–ზე მეტი აგენტი). გადაუმოწმებელი მონაცემები, ირანის სპეცსამსახურების აგენტურულ ქსელში ირიცხება ქვეყნის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა – მისი 90%. ირანის დაზვერვა განაგრძობს რეგიონალური კავშირების განმტკიცებას. კერძოდ, სირიის სპეცსამსახურებთან, ქურდისტანის პატრიოტულ კავშირთან, ასევე კონტაქტებს ერაყის სადაზვერვო სტრუქტურებთან.

ამასთანავე, სამინისტროს მეთაური პირადად კურირებს გასაიდუმლოებული აგენტურული და დივერსიულ–ტერორისტული ქსელების შექმნას ერაყის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომელთა ამოქმედება იგეგმება იმ შემთხვევისათვის, თუ ამერიკელების ყოფნა ამ ქვეყანაში საფრთხეს შეუქმნის თეირანს ან დასავლეთზე ორიენტირებული ბაღდადის მომავალი ლიდერი დააპირებს ანტიირანული პოლიტიკის წარმართვას.

ირანის პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურები თავის საქმიანობას ათანხმებენ ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელთან ეს განსაკუთრებით ეხება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (КСИР), რომელიც შეიქმნა 1979 წელს როგორც ხომეინისტური რეჟიმის დასაყრდენი ძალა არმიის საპირისპიროდ. კორპუსის შემადგენლობაში შედიან სახმელეთო ჯარები (370 000–ზე მეტი ადამიანი, სამხედრო–საზღვაო და სამხედრო–საჰაერო ძალები (დაახლოებით ოც–ოცი ათასი ადამიანი). (КСИР)-ის მთავარ სამეთაურო შტაბში ფუნქციონირებენ საგარეო დაზვერვის კომიტეტი და უცხოელების ოპერაციების კომიტეტი. საზღვარგარეთ განსაკუთრებულად მყარი პოზიციები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ სტრუქტურებს ლიბიასა და სუდანში გააჩნია. გარდა ამისა, ისინი ფლობენ აგენტურულ–დივერსიულ განშტოებულ ქსელს სპარსეთის ყურეს ქვეყნებში, პალესტინაში, გერმანიაში, კანადაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, პაკისტანსა და ფილიპინებში.

საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარების მიზნით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ფარგლებში 1991 წელს შეიქმნა ელიტარული დანაყოფი “კუატ ალ–კუდსი”. მის შემადგენლობაში შედის 15 000 ადამიანი. ის კოორდინირებას უწევს მთელ რიგ ისლამურ და მემარცხენე–რადიკალურ ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობას. მონაწილეობს დივერსიულ–ძირგამომთხრელი ოპერაციების მომზადებაში ირანის რეგიონალური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ (ისრაელი, აშშ, წარსულში – ერაყი), ასევე ახორციელებს საზღვარგარეთ ოპოზიციის ლიდერების ლიკვიდირებას. დასავლეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, 1979–96 წწ “კუატ ალ–კუდსის” თანამშრომლებმა ირანის ფარგლებს გარეთ გაანადგურეს აიატოლთა რეჟიმის 70–ზე მეტი მოწინააღმდეგე. ამ აქციებიდან განსაკუთრებულად გახმაურებული იყო ირანის ყოფილი პრემიერ–მინისტრის შაპურ ბახტიარის (1991 წლის აგვისტო, პარიზი) და ირანული ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერის სადეხ შარაფა–კინდის (1992 წლის სექტემბერი, ბერლინი) ლიკვიდაცია. “კუატ ალ–კუდსის” ჩარჩოებში ასევე ფუნქციონირებს “სპარსეთის ყურეს” განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეგიონში დივერსიული აქციების ჩატარებაზე. გარდა ამისა, “კუატ ალ–კუდსის” წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან მსოფლიოს რიგ ქვეყნებში – ლიბიაში, სუდანში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადაში და სხვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.