მთავარი პროკურორი 19 ნოემბერს ფარული კენჭისყრით აირჩევა

„19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებენ. მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევის პროცედურა ღია და გამჭვირვალეა და მასზე დასწრება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებზე დაკვირვების მსურველები 19 ნოემბრის 10.00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე info@justice.gov.ge და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებს; მიუთითონ დამკვირვებლის სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ. არჩევნები 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს. სამივე კანდიდატურას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. საპროკურორო საბჭოს წევრებს დაურიგდებათ სამი ბიულეტენი. თითოეულში მითითებული იქნება მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრები თითოეულს ცალ-ცალკე მისცემენ ხმას. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრები სამივე ბიულეტენს ერთ კონვერტში მოათავსებენ და საარჩევნო ყუთში ჩაუშვებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.