მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ლარს კარგი წელი ელის

იანვარში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აიძულა ერთმანეთის გვერდით დამსხდარიყვნენ და სავალუტო კრიზისის დაძლევის გზებზე ემსჯელათ. პარლამენტში გამართულმა შეხვედრამ შედეგად მოიტანა ის, რომ ეროვნული ვალუტის მომავალი ყველამ ოპტიმისტურად განჭვრიტა. როგორც მთავრობის წევრები ირწმუნებიან ლარის გაუფასურება გამორიცხულია, პირიქით, პროცესი გამყარებისკენ წავა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პარლამენტში შეხვედრისას ყველა მხარემ საკუთარი ხედვა წარადგინა.

„დაინტერესებულია ყველა – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე პარლამენტარები როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან. გამოითქვა სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალში კიდევ გაგრძელდეს, რასაც ჩვენ დავთანხმდით. გაირკვა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებენ, რაც ნათლად გამოჩნდება იმ შედეგში, რაც მოსახლეობას აინტერესებს“, – ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს.

სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის კონსტრუქციული განხილვისთვის და მსგავსს ფორმატში თანამშრომლობისათვის.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლარის საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სრული კოორდინაციაა. ამ მხრივ კითხვები მოხსნილია და გაუგებარი იქნება, თუკი მომავალში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თითს კვლავ ეროვნული ბანკისკენ გაიშვერენ.

„ძირითადად საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად კოორდინირებულად იმუშავა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. ხშირად არის, რომ თითის გაშვერა ეროვნული ბანკისკენ ხდება და ადგილი აქვს მის დადანაშაულებას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მისი გამოისობით ხდება. შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სრული კოორდინაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რაც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნდა შეიკვეცოს სახელმწიფო ხარჯები, შემცირდეს გადასახადები და საქართველო თავისუფალ სავალუტო რეჟიმზე გადავიდეს.

ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, იმედიანად არიან მთავრობის გუნდის წევრები. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში დადებითი ტენდენციებია.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ როგორც ეროვნული ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტოს, ვინც ამ პროცესში მეტ-ნაკლებად ვმონაწილეობთ, გვქონდეს სინქრონიზებული ქმედება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ კურსის სტაბილურობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების „შეგრძნება და აღქმა“.

„მაკროეკონომიკაში რა პარამეტრებიც იყო, შესწორება მოხდა და ჩვენ მეტს აღარ ველოდებით. თუ კიდევ რამე ისეთი იქნება, რაც დამატებით შეიძლება წარმოიშვას, აუცილებლად მოგახსენებთ“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლარის კურსის მომავალს ოპტიმიზმისტურად უყურებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ლარის ვარდნის მიზეზად მან რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

„დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი. ამჯერად ეს განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით წნეხს აღარ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მინდა გითხრათ, რომ შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: for.ge

Comments
Loading...