მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები იყო ვენეციის კომისიისგან
მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მმართველი გუნდი წინასწარ რაიმე პოზიციის გაცხადებისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს ამ პოზიციით ის პირები შეზღუდონ, რომლებიც კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.
”ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ყველა ამ საკითხზე არის სამუშაო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც იურისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ასევე ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები ვენეციის კომისიის დასკვნაში. აქედან გამომდინარე, ეს და მსგავსი საკითხები გადახედვას აუცილებლად საჭიროებს. ჩვენი ხვალინდელი დღის გრაფიკი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ამ კომისიის ფარგლებში, ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საბოლოოდ, კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ინსტიტუტებს შორის ბალანსს აღადგენს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს დემოკრატიის გაცილებით მაღალ ხარისხს”, – აღნიშნა მდინარაძემ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ თემებზე და მათ შორის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მმართველ გუნდში არაერთი დისკუსია გაიმართა.
”ყველა მათგანზე კონკრეტული პოზიცია გაგვაჩნია, თუმცა ამის გახმოვანებისგან თავს ვიკავებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ გვინდა ამ პოზიციით ვინმე შევზღუდოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წყარო : ipn.ge