მურუსიძე არ ასახელებს მათ სახელებს ვინც ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა მოსამართლეებს

ლევან მურუსიძე არ ასახელებს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ.

მურუსიძე ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეებისთვის გაგზავნილი წერილისა და სატელეფონო შეტყობინების ავთენტურობის დადგენის მიზნით, მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.

„სამწუხაროა, რომ ჩემთვის, რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ახლა გახდა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით, მოსამართლეებს ჩემთვის არ მოუმართავთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით გამოგზავნილ წერილზე, რომელიც აღნიშნულ მოსამართლეებს მოუვიდათ. ასევე, იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო უხეში ჩარევის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საჭიროებისამებრ განცხადებას თავად გააკეთებს.

„ქალბატონი ნინო, რასაც ჩათვლის საჭიროდ თავის პოზიციას თვითონ გაახმოვანებს. თუ დადგინდება, რომ ის წერილი ავთენტურია და რეალურად, ის პიროვნება, ვისზეც ამ წერილშია მითითებული, ამ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს, ეს ძალიან ცუდია“, – აცხადებს მურუსიძე.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 14 იანვარს მოსამართლე ალავიძის და ქათამაძის განცხადების, ასევე უზენაესი სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

Comments
Loading...