მზად ვართ არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ხვალ საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადაა არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად

მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. “ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც კი ცესკო მიიღებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები (ასევე, ორენოვანი ბიულეტენი აზერბაიჯანული თემისთვის), შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ­– 39 საარჩევნო უბანზე.

საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.

ცესკო-ს ცნობით, არჩევნებს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის – 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

კენჭისყრის დღეს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბერს დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

Comments
Loading...