ნადეჟდა სავჩენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობიდან გარიცხეს

უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას 237 დეპუტატმა მისცა ხმა. სავჩენკოს დელეგაციაში ჩასმის გადაწყვეტილება რადამ მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინელი სამხედრო მფრინავი და დეპუტატი რუსეთში იყო დაკავებული.

როგორც პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა და ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ არიევმა განაცხადა, როდესაც ნადეჟდა სავჩენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრობის კანდიდატად წარადგინეს, ის რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იყო დაკავებული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავჩენკოს დელეგაციაში ყოფნამ მისდამი ევროსაბჭოს მხარდაჭერა გააძლიერა, რამაც ხელი შეუწყო მის გათავისუფლებას, ახლი კი ვითარება შეიცვალა.

ნადეჟდა სავჩენკო პოლიტიკური სკანდალის ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დეკემბრის დასაწყისში ის მინსკში საიდუმლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს შეხვდა. სეპარატისტებთან შეხვედრის გამო ნადეჟდა სავჩენკო ფრაქცია “ბატკივშინადან” გარიცხეს.

თავად სავჩენკო ამჟამად გერმანიაში იმყოფება. მისმა პრესმდივანმა ტატიანა პროტორჩენკომ განაცხადა, რომ სავჩენკო უკრაინაში ომის, კორუფციის, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შესახებ რეალური ინფორმაციის მსოფლიოსადმი მიწოდებას მაინც გააგრძელებს.

ნადეჟდა სავჩენკოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციაში ბორის ბერეზა ჩაანაცვლებს.

 

 

წყარო :  2030news.ge

Comments
Loading...