ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევში განახლებული სკვერი დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე  სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი.

,,ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 150 000 ლარი დაიხარჯა სკვერის განახლებაზე. უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანი და აქ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე ასეთი ათი სკვერი განახლდება, რათა მეტი დასასვენებელი სივრცე გვქონდეს ქალაქში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მათივე ცნობით, სკვერში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ასევე, გურამიშვილის გამზირზე დასრულდა ოთხკილომეტრიანი გზისგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია. დაიგო რულონური ბალახი და 16 სახეობის 18 200 ძირი მცენარე დაირგო (ტუია, ღვია,  ნანდინა, ნეკერჩხალი, თუთის ხის მტირალა ფორმა, არყის ხე, ლეილანდის კვიპაროსი, სმარაგდა, როზმარინი, ოლეანდრა, ლავანდა).

არსებული ინფორმაციით, თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

 

Comments
Loading...