„ნახევარი საქართველო „დავერბოვკებული“ ჰყავს ნაციონალებს”

საქმე, რომელზეც ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ე.წ. კოკაინის საქმეა. „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ეკა ბესელია.

ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ადასტურებს, რომ კომისიას მსჯავრდებულების შეწყალებაზე რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის, ბოლოს ზვიად ქორიძის თხოვნით, რომელიც ანასტასია ზაუტაშვილს დაჰპირდა, რომ განცხადებას პრეზიდენტს თავად შეუტანდა. ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

რას ამბობენ მსჯავრდებულები და რატომ სთხოვდა ზვიად ქორიძე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების შესახებ განცხადების დაწერას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს ესაუბრა.

ბატონო მირიან, ადასტურებთ, რომ საქმე, რომელზეც ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე საუბრობენ ე.წ. კოკაინის საქმეა?

მირიან ნიკოლაძე: დიახ, გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც საუბრობს ელისაშვილი და ქორიძე, გახლავთ ე.წ. კოკაინის თემა. როგორც ვიცი კიდევ ერთ საქმეზეა საუბარი.

მსჯავრდებული ადასტურებენ „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირებისთვის შეწყალების სანაცვლოდ ბე-ს გადახდას?

– არა. მსჯავრდებული არ ადასტურებენ შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების განცხადებებს, რომ 2 მილიონის ოდენობის თანხა მათ სახელს უკავშირდება. მეტიც, ვესაუბრე ნუგზარ ბოჭორიშვილს და შემიძლია გითხრათ, რომ შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე უნამუსოდ იტყუება. ეს ადამაინები საკუთარი ინტერესების გამო წირავენ მსჯავრდებულთა ინტერესებს.

და რა ინტერესი აქვთ მათ?

– ფაქტია, რომ პირადი მოტივის გამო იყნებენ მსჯავრდებულების ამ უმძიმეს მდგომარეობას. ამ ჭორაობით მიაღწეს იმას, რომ საბოლოოდ მოუსპეს მსჯავრდებულებს არა შეწყალების უფლება, არამედ მათ განცხადების საფუძველზე აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დასრულებაც. აი, ეს გააკეთა შეწყალების კომისიის ორივე თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ე.წ. ბე-ს გადახდას, რაზეც საუბრობს ელისაშვილი, მსჯავრდებულებმა და, მათ შორის ნუგზარ ბოჭორიშვილმა გადაიხადეს რაიმე სახის თანახა შეწყალების სანაცვლოდ? არსებული ინფორმაციით, სწორედ ნუგზარ ბოჭორიშვილის მიერ მოხდა „ბე“-ს გადახდა…

– ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გითხარით, ვესაუბრე ბოჭორიშვილს და ბუნებრივია, რომ ვიკითხე რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ბოჭორიშვილმა მითხრა – რატომ უნდა ჩავდგე დაცვით პოზიციაში და რატომ უნდა დავიწყო თავის მართლებაო. 2011 წელს, მსჯავრდებულების დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო თოფურიძის დავალებით, ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად უვადო პატიმრობამისჯილ ბოჭორიშვილს კუდ-ის ოპერ-თანამშრომელი დაუკავშირდა და სოსო თოფურიძის დანაბარები გადასცა.

კუდ-ის თანამშრომელმა ბოჭორიშვილს უთხრა, რომ თუკი გადაიხდიდა 3 მილიონს, მოუგვარებდა საქმეებს. შემდგომში ჩამოვიდნენ 2 მილიონ დოლარზე. კაცი იძახის, 2011 წელს, რომ 2 მილიონი მქონოდა 5 წელი ციხეში ჩავსვამდი ამ ხალხსო? ამხელა ფული რომ მქონოდა 2011 წელს გადავიხდიდი, რადგან დათა ახალიას და სოსო თოფურიძის დონეზე აგვარებდნენ საქმესო.

რითი ხსნით იმას, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა მანანა კობახიძე? მეტიც კობახიძე ამბობს, რომ დაკავებულების პოლიტპატიმართა სიაში შეყვანას ითხოვდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ნუგზარ ბოჭორიშვილი…

– ძალიან მარტივად. პირადად შევიტანე წერილობითი თხოვნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომ სერთოდ ვერაფერს ვერ უკეთებთ ამ ხალხს, მათ უდანაშაულობას ვერ ადასტურებთ და იქნებ შეწყალებაზე მაინც გაგვიწიეთ რეკომენდაცია, რადგან ეს ხალხი უდანაშაულოდ ზის ციხეში-თქო.

გამოძიება ამ დრომდე არ ადასტურებს მათ უდანაშაულობას…

– ნადვილად, სწორი კითხვა დასვით. სამი წელია ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პროკურატურაში, მაგრამ გამოძიებას ხელი არ გაუნძრევია. ამ ოთხი საქმიდან ერთ საქმეზეც რომ დამდგარიყო შედეგი, ეს ხალხი დღეს გარეთ იქნებოდა და ელისაშვილი-ქორიძის ავადმყოფური მოსაზრების მოსმენა არ მოუწევდა საზოგადოებას. 3 წელია არც ერთ საქმეზე შედეგი არ არის დამდგარი. ან პროფესიონალიზმი არ ყოფნით, ან სულისკვეთება არ არსებობს.

ან შეიძლება დანაშაულის ნიშნებიც იყოს, ამას გამორიცხავთ?

– გამოვრიცხავ და გეტყვით რატომ. ჯერ ერთი, საქმე აღძრულია ამ ადამიანების ცემისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე, მეორე საქმე აღძრულია კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ მსჯავრდებულების კუთვნილი ქონების მითვისების საქმეზე.

კუდ-ის თანამშრომლებიდან კონკრეტულად ვინ მიითვისა მსჯავრდებულების ქონება?

– დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ და მათმა ხროვამ. მესამე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომელსაც ჩვენება სასტიკი წამების ფონეზე მიაცემინეს. გიორგი ჩეჩელაშვილი პირადად დათა ახალიას დაყავდა ტყეში, ფეხით დაკიდა ხეზე, მანქანის ფარებს უნთებდა, მერე თითქოსდა ვიღაცა მოკლეს და მკვლელობის იარაღი ჩაუდეს, ასეთ ინსცენირებას აკეთბდა ახალაია, რომ მიეღო მისთვის სასურველი ჩვენება. წამების ენით აუღწერელი ფაქტებზეა საუბარი. ასევე ფეხით დაკიდეს მევლუდ სვანიძეც, მერე გაუშვეს ეს ნაწამები კაცი და უთხრეს გაიქეციო და ამ დროს ჰაერში დაიწყეს სროლა. აი, ასეთ საშინელებებს აკეთებდნენ.

ბატონო მირიან, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებმა მიმართეს შეწყალების კომისიას?

– მსჯავრდებულება კომისიას რამდენჯერმე მიმართეს, მათ შორის ბოლოს ზვიად ქორიძის თხოვნით, რადგან ზვიად ქორიძე დაჰპირდა ანასტასია ზაუტაშვილს, რომ მის განცხადებას თავად შეუტანდა პრეზიდენტს. ზვიად ქორიძე იმყოფებოდა ქალთა დაწებულებაში, შეხვდა მსჯავრდებულებს, მათ შორის ანასტასია ზაუტაშვილს. მან უსაყვედურა ქორიძეს, რომ აზრი არ ჰქონდა შეწყალებაზე განცხადების დაწერას.

როდის მოხდა ქორიძის და ზაუტაშვილის შეხვედრა?

– რამდენიმე თვის წინ, ახალი დანიშნული იყო ქორიძე. მე დამირეკა ქალბატონმა ანასტასიამ და ასეთი რამ მითხრა – იცი, რომ ჩამოყალიბებული მქონდა პოზიცია შეწყალებაზე განცხადება არ დამეწერაო, მაგრამ ზვიად ქორიძე თავს იკლავს შემოიტანე განცხადება და თავად შევუტან პრეზიდენტს და დავარწმუნებო. ამ დროს ტელევიზიით გამოდის და ამბობს, როგორც კი საქმეები გადმომაბარა ელისაშვილმა მაშინვე მითხრა ამ საქმის შესახებო. თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა, მაშინ გამაგებინეთ, რას ერჩოდა ზაუტაშვილს, რომელსაც საერთოდ არ უნდოდა შეწყალებაზე განცხადების შეტანა? რა უნდოდა, რას მატრაკვეცობდა, რას იტყუებოდა?!

ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები, ზაუტაშვილის განცხადება შეუტანა ქორიძემ პრეზიდენტს?

– არანაირი შედეგი ამას არ მოყვა, რადგან ზვიად ქორიძე არის მატუარა.

რა ინტერესი ჰქონდა ზვიად ქორიძეს, რომ მსჯავრდებულისთვის მოეთხოვა განცხადების დაწერა?

– ნახევარი საქართველო „დავერბოვკებული“ ჰყავს ნაციონალებს იმ ე.წ. ფირების გამო. რომელს რა აწუხებს, ეს თვითონ ჰკითხეთ ქორიძეს და ელისაშვილს. ვერ გეტყვით, ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერანაირი დასკვნა. სავარაუდოდ, ქორიძემ ქულები დაიწერა მსჯავრდებულებთან. აი, იმდენად მოწადინებულია, რომ იმ ქალბატონსაც კი, ვინც შეწყალების უარზე იყო, მასაც კი უთხრა, რომ პრეზიდენტს ბოლო შანს გამოვაყენინებო. ნახევარზე მეტი მსჯავრდებული მოატყუა, დაპირდა რაღაცეებს და მერე არაფერიც არ გააკეთა. ქალიან-კაცებიანად, ყველა დედას აგინებს ზვიად ქორიძეს.

რას ამბობს თავად ზაუტაშვილი?

– ანასტასია ზაუტაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამბობს, რომ თუ უახლოეს 2 კვირაში გამოძიების შედეგი არ დადგება და თავად მსჯავრდებულები, ან ელისაშვილი და ქორიძე არ დაისჯებიან, უკიდურეს ზომებს მიმართავს – სუიციდზე საუბრობს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ორ ვაჟბატონს.

თავად ნუგზარ ბოჭორიშვილს დუმილს როგორ ხნით?

– ბოჭორიშვილის პოზიციას ვაფიქსირებ მე და ეს სულაც არ ნიშნავს დუმილს.

მაგრამ ის არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს…

– უცხოეთშია და შეიძლება რაიმე ტექნიკური პრობლემა ჰქონდეს.

ნუგზარ ბოჭორიშვილი დღემდე არის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი? მაშინ, როდესაც ეს სკანდალი მოხდა, ის იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი…

– დიახ, მაშინ იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, მაგრამ დღეს არის თუ არა ამ პარტიის წვერი, ეს მე არ ვიცი, რადგან ჩვენ პოლიტიკურ თემებზე არ ვსაუბრობთ.

წყარო
for.ge

Comments
Loading...