ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არასრულწლოვან კ.ნ.-ს საქმის განხილვა დაიწყო. დღეს დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ კ.მ.-ს მიმართ. სასამართლოს ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა უზენაესი სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიულ სხდომათა დარბაზში, 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით მიმდინარეობს.

ბრალდებულის არასრულწლოვნობის გამო, სასამართლო სხდომა დღეს დახურულია, თუმცა მომდევნო პროცესები საჯარო გახდება, ვინაიდან ბრალდებული 3 დეკემბერს მიაღწევს სრულწლოვანების ასაკს.

კ.მ-ს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება 2015 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, არასრულწლოვანთა შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რა დროსაც ბრალდებულმა დანის გამოყენებით დაზარალებულს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, დაზარალებულისთვის ექიმებმა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.

დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალ სიტყვები წარმოადგინეს, ასევე მხარეებს მიეცემათ საშუალება სასამართლოს წარუდგინონ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები. შესავალ სიტყვამდე კი ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი და წილისყრით აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული.

Leave A Reply

Your email address will not be published.