ნარკოტიკი სმს-ით – ჟურნალისტური ექსპერიმენტი სკანდალური შედეგით

ჰეროინი, ჰაშიში, კოკაინი, სპაი, მარიხუანა, კანაფი და ექსტაზი – ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა საქართველოში უბრალო სმს-ითაა შესაძლებელი.
რამდენიმე ქართველმა მომხმარებელმა ტელეფონზე “ვაიბერით” რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინებაც მიიღო, რომლის ავტორიც ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას სთავაზობს.
როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, შსს ამით უკვე დაინტერესდა.

“აღნიშნული საკითხი სამინისტროსთვის ცნობილია და ამ დროისთვის ეს-ემ-ეს-ის წარმომავლობის შესწავლა მიმდინარეობს”, – განუცხადეს “მთელ კვირას” მღებრიშვილის უწყებაში.

ამის პარალელურად კი “მთელმა კვირამ” მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თბილისსა და ქუთაისში “ვაიბერის” ან “ტელეგრამის” გამოყენებით ნარკოტიკის შეძენა სავსებით რეალურია.

ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით სარეკლამო გზავნილი მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, “ვაიბერში” რუსული ნომრიდან ეგზავნებათ და ტექსტიც რუსულ ენაზეა.

“თუ გსურს, შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები, მოგვწერეთ სმს-ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ჩვენი კურიერი მოგაწვდით”, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

“მთელი კვირა” შეტყობინების მოსვლის შემდეგ მითითებულ ნომერს დაუკავშირდა.

“ვაიბერით” დარეკვისას სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ჩვეულერივად დაკავშირებისას კი ოპერატორი გვატყობინებდა, რომ ნომერი მიუწვდომელია. “ვაიბერით” გაგზავნილ ჩვენს სმს-ს იმის შესახებ, რომ ჰეროინის შეძენა გვსურდა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ დილერი გამოეხმაურა და გამოგვიგზავნა ნარკოტიკული ნივთიერებების ფასები ლარში. მაგალითად, ჰაშიში, მარიხუანა, კანაფი და სპაისი 20-20 გრამი 300 ლარი ღირს; ექსტაზი – 20 ცალი 300 ლარი; კოკაინი – 2 გრამი 500 ლარი; 10 გრამი ჰეროინი – 500 ლარი, სუბოტექსი – 10 ცალი 1000 ლარი.

რაც შეეხება შეძენას და შესაბამისი თანხის გადახდას, დილერმა ასევე “ვაიბერით” გამოგვიგზავნა ვიდეოფაილი ფულის ჩარიცხვის დეტალური ინსტრუქციით. ამ ფაილიდან ჩანს, რომ ფულის გადარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ხდება, სადაც უნდა მივუთითოთ ის სატელეფონო ნომერი, რომლიდანაც სარეკლამო შეტყობინებები იგზავნება.

გარდა ამისა, დილერმა გვაცნობა, რომ შესაბამისი თანხის გადარიცხვის შემდეგ სასურველი ნარკოტიკის მიღება შეგვეძლო თბილისში ან ქუთაისში, ხოლო შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს თანხის ჩარიცხვის შემდეგ შეგვატყობინებდა. თბილისის არჩევის შემთხვევაში მან შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვაკე დაასახელა.

საუბრის დასასრულს მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ამსახველი ფოტოებიც გადმოგვიგზავნა.

ჩვენი ექსპერიმენტი ამის იქით არ წასულა. ძნელია იმის თქმა, ფულის გადარიცხვის შეთხვევაში, მართლაც შედგებოდა თუ არა დაპირებული შეხვედრა დილერთან და მივიღებდით თუ არა ნარკოტიკს. შესაბამისად, რთული სათქმელია, ამ გზით მართლაც ხდება ნარკოტიკებით ვაჭრობა თუ ეს მოქალაქეებისაგან თაღლითურად ფულის გამოძალვის საშუალებაა.

თუმცა ეს ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში საგანგაშოა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ასეთი სარეკლამო სმს-ების მიმღებთა მნიშვნელოვანი ნაწილი 15-17 წლის თინეიჯერია.

თიკო ოსმანოვა
გაზეთი “რეზონანსი”

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...