ნარმანიას თქმით, „ახალი ტფილისი“ ძველი უბნების რეაბილიტაციას გულისხმობს

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით პროექტი „ახალი ტფილისი“ თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას გულისხმობს. ამის შესახებ ნარმანიამ პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მერის თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

„ახალი ტფილისი“ ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ – რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე 45 მისამართზე შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

„მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.

შეიცვლება გამზირის საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი. მოეწყობა გადასასვლელები, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში: კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია, აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი – გალერეა, მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე 800-მდე ადამიანი დასაქმდება.

მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ განხორციელების პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

Comments
Loading...