ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციებს გააძლიერებს და რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდებიან მულტიეროვნული ძალები როტაციულ საფუძველზე, “რათა ყველასთვის გასაგები იყოს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე და საპასუხო ქმედებებს მთელი ალიანსი განახორციელებს”.
იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, თუ რა რაოდენობის ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, ამის შესახებ გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მ რეგიონში უკვე გახსნა ახალი 6 შტაბი, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 2 ახალი შტაბის გახსნა.
ნატო-ს მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ამ მიმართულებით დამატებით გადაწყვეტილებებს ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე მიიღებენ.

Comments
Loading...