ნატო-ში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს

ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2016 წლის რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი მონაწილეობდნენ.

ვიქტორ დოლიძემ 2016 წელს გატარებულ რეგორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ყურადღება საპარლამენტო არჩევნებზე, სასამართლო სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა.

სახელმწიფო მინისტრი ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლიმენტაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მოკავშირე ელჩებს შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ქართული მხარის ხედვა გააცნო. კერძოდ, აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

დავით დონდუას მიერ ასევე აღნიშნა, რომ რომ შავ ზღვაზე ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს როგორც მთლიანად რეგიონის, ასევე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას.

თავის მხრივ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზაობა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ამასთან, მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც ხელს უწყობს ქვეყანას ნატო-ში გაწევრებს მიზნის მიღწევაში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ.

გარდა ამისა, ალიანსის წევრებმა გამოხატეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიქტორ დოლიძემ იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერითვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი უაღრესად დინამიურად ვითარდება და წარმატებით გაგრძელდება 2017 წელსაც, რასაც ხელს შეუწყობს წლის მანძილზე დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

Comments
Loading...