ნაციონალები ანა დოლიძეს წარსულს უხსენებენ

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ემზადება, თუმცა, წინ პარლამენტის გადაწყვეტილება და კენჭისყრის შედეგებია. „ნაციონალური მოძრაობა“ დოლიძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს და მას საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს, უმრავლესობა კი, საკითხზე კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ანა დოლიძის კანდიდატურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა, რომლის თაობაზეც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.

დოლიძის საკითხი დღის წესრიგში შეტანილი ჯერჯერობით არ არის, თუმცა, მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძეს დახურულ კარს მიღმა უკვე შეხვდა.

უმრავლესობის გადაყწვეტილება თუ როგორი იქნება, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, მაგრამ მმართველ გუნდში დოლიძეს აქტიურ პიროვნებად აფასებენ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, დოლიძეს „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი დოლიძის წარსულ საქმიანობას ეხმაურება.

თაქთაქიშვილის თქმით, დოლიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის გარდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის მსურველია, 2008 წლის ომის შემდეგ, სამართლებრივ კონსულტაციას იმ ორგანიზაციას უწევდა, რომელმაც რუსეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „მოქალაქეების“ სახელით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელები შეიტანა.

კერძოდ, დეპუტატის ინფორმაციით, საუბარია მოსკოვში, არსებულ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციზე „Russian Justice Initiative“, სადაც ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში მუშაობდა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს და ადამიანის უფლებებზე მის გავლენას იკვლევდა.

თაქთაქიშვილის განცხადებით, ამავე ორგანიზაციამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მოამზადა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ და ერთ-ერთი სარჩელის თანახმად, საქართველოს ბრალად ედება ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობა.

„მნიშვნელოვანი ის არ არის, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აკრძალულია იმიტომ, რომ ის მოსკოვში ფუნქციონირებს, საკითხი ასე არ დგას. მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ „Russian Justice Initiative” ის ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები აქვს შეტანილი როგორც სტრასბურგში, ასევე 2015 წლის ნოემბერში, ფატუ ბენსუდას სახელზე. კერძოდ, ისინი 20 პიროვნების ინტერესებს იცავენ, რომლებიც თავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად მოიხსენიებენ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ომის დანაშაულების ჩადენაში ბრალს სდებენ. საუბარია, მკვლელობებზე, გატაცებებსა და მძევლად აყვანაზე. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თავდაცვის სამინიტროში და სხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებს სწორედ ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ“, – აცხადებს თაქთაქიშვილი, რომლის საპასუხოდ კითხვებით, ანა დოლიძეს მივმართეთ.

for.ge-სთან საუბარში ანა დოლიძე ინტერესდება, ოპოზიცია მის ბიოგრაფიას ათი თვის განმავლობაში რატომ არ გაეცნო, როცა ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

„თავდაცვის სამინისტროში ათი თვეა, რაც ვარ და ამ უწყების ვალდებულება ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაა. ათი თვის მანძილზე, ეს პირები ჩემი ბიოგრაფიით არ დაინტერესდნენ და არ უნდოდათ გაეგოთ, იმ უწყებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი როგორი იყო, რომლის ვალდებულებაც თავდაცვისუნარიანობის დაცვაა. მათ მოვუწოდებ, საშინაო დავალება უკეთესად მოამზადონ და საკუთარი ფუნქცია – ზედამხედველობა უკეთ განახორციელონ. ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – მიმართა for.ge-ს დოლიძემ და ჩვენც დამატებითი კითხვების საშუალება აღარ მოგვეცა.

for.ge თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ დოლიძის ბიოგრაფიას გაეცნო, სადაც აღნიშნულია, რომ მას ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციისთვის – „Human Rights Watch“ შესრულებული აქვს კვლევა ადამიანთა უფლებების – „Russia Justice Initiative“.

ჩვენგან განსხვავებით, ჩიორა თაქთაქიშვილს დოლიძის რჩევა არ აკმაყოფილებს და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის პასუხს აღიარებად აღიქვამს.

„ამ პასუხს როგორც აღიარებას ისე აღვიქვამ. ის არ უარყოფს, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა და სწორედ მისი სამართლებრივი კვლევა, რომელიც 2008 წლის ომის ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკავშირდებოდა, გამოყენებული იქნა საქართველოს წინააღმდეგ“, – განუცხადა for.ge-ს თაქთაქიშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის განწყობებს, როგორც for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ განუცხადა, დოლიძის მიმართ სპეკულაციები ჟღერდება, რადგან მასზე საია-ში მუშაობა მხოლოდ დადებითად მეტყველებს. კორძაიას განცხადებით, თუკი ოპოზიცია საიას საქმიანობას ყურადღებას მიაქცევს, ისინი დარწმუნდებიან, რომ ეს ორგანიზაცია ყოველთვის აპოლიტიკური იყო.

„ანა დოლიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. შესაბამისად, მას უფლება აქვს განვითარდეს და სადაც უნდა, საკუთარი მომავალი იქ დაინახოს. სამწუხაროა, რომ მან თავდაცვის სამინისტროდან წასვლა გადაწყვიტა“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძეს დადებითად ახასიათებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ბესელია ამბობს, რომ ის დოლიძეს დიდი ხანია იცნობს, რომელიც უფლებადაცვითი სფეროში ერთ-ერთი ძალიან აქტიური იყო.

„ამ თვალსაზრისით, მასზე შემიძლია პოზიტიურად და დადებითად ვისაუბრო. რაც შეეხება იმას, გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეთიკურ სტანდარტებს დავიცავ, მოვლენებს არ დავასწრებ და გუნდის პოზიციას დაველოდები. კონსტიტუციური პროცესია და დამსახელებელი პრეზიდენტია, მაგრამ ეს იმის განმსაზღვრელი არ არის, რომ მას მხარი ან დავუჭიროთ, ან არა“, – დასძინა ბესელიამ.

იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტი ორშაბათის ბიუროს სხდომაზე, დოლიძის საკითხს დღის წესრიგში შეიტანს, მის თაობაზე მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

წყარო: for.ge
თეონა მანაგაძე

Comments
Loading...