“ნაციონალები” გარდაბანში პროვოკაციას გეგმავენ?!

მიმდინარე თვეში, ყველაზე ცხელი პოლიტიკური წერტილი გარდაბნის რაიონია, სადაც 28 იანვარს გამგებლის არჩევნები გაიმართება.

რიგი პარტიების ბოიკოტის ფონზე, გამგებლობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის: ,,ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული და ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი. შესაბამისად, ეს არჩევნები ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია. თუ მმართველ გუნდს ის აინტერესებს, რეალურად რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს დღეისათვის, ოპოზიციური პარტია იმას გაარკვევს, მართლა შემორჩათ თუ არა ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მხარდამჭერები. ის რომ კახაბრიშვილი ჯამარაულის საპირწონე არ არის და არჩევნებს ვერ მოიგებს, ყველაზე კარგად ნაციონალურ მოძრაობაში იციან. მათ ისიც ახსოვთ, რომ იმავე კახაბრიშვილმა 2014 წლის არჩევნები აწგარდაცვლილ გარსევან ნიორაძესთან წააგო და სხვათა შორის, მოსახლეობა იმაზე საუბრობს, რამდენად ჰქონდა მორალური უფლება კენჭი ეყარა, მაგრამ ნაციონალებს სხვა კანდიდატი, უბრალოდ, არ ჰყავდათ.

სამაგიეროდ, მთელი ნაციონალური მოძრაობა გარდაბნის რაიონშია და მოსახლეობასთან შეხვედრებს კანდიდატის გარეშე ატარებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ დიმიტრი შაშკინს, სერგო რატიანს, გია ბარამიძეს, დავით კირკიტაძეს, აკაკი ბობოხიძეს, ნიკა მელიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ღვინიაშვილსა და სხვებს კახაბრიშვილი შეხვედრებზე იშვიათად დაჰყავს ის თავისთვის ხვდება მოსახლეობას, ცნობადი სახეები კი ცალკე ხვდებიან, თუმცა, რაღა თქმა უნდა, საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერას სთხოვენ.

რაც შეეხება გოჩა ჯამარაულს, იგი მოსახლეობასთან შეხვედრებს მხარდამჭერებთან, ადგილობრივ ავტორიტეტებთან ერთად ატარებს და ჯერჯერობით ცნობადი სახეები რაიონში არ ჩაუყვანია. გარდაბანში დაბადებული და გაზრდილი ცნობილი ფეხბურთელი გარდაბნელებისთვის უცხო კაცი არაა და ადგილობრივებსაც მარტივად ეკონტაქტება, თუმცა…

რეალურად დაძაბულობა არსებობს. ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსად თავიდან სერგო რატიანი დასახელდა, მას შემდეგ კი, რაც დავით კირკიტაძის ძმა დაიჭირეს, ნაციონალებმა გამოაცხადეს, რომ შტაბის უფროსი სწორედ კირკიტაძეა და მისი ძმა ამის გამო ისჯება. მხარეები მოსალოდნელ პროვოკაციებზეც საუბრობენ და თადარიგსაც იჭერენ. სხვათა შორის, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წინ რამდენიმე დღის წინ ნაციონალებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. მართალია, როგორც სხვა შემთხვევებში, თავისი კანდიდატი არ ჰყავდათ, მაგრამ დაახლოებით 20 კაცს ,,ოცნების” შტაბის წინ დიმიტრი შაშკინი, კობა ხაბაზი და გია ბარამიძე ხვდებოდნენ. ,,ოცნების” შტაბის წევრები ამ შეხვედრას მშვიდად ადევნებდნენ თვალს და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

სამწუხაროდ, გარდაბნის რაიონში უკვე არსებობს ვაჰაბიზმის პრობლემა. უფრო ზუსტად კი, რადიკალი ისლამისტები სხვა რაიონების მსგავსად, გარდაბანშიც მომრავლდნენ და რამდენიმე მათგანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში აქტიურად დადის. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ, გაჭირვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია ამ ძალასაც გამოიყენებს და პროვოკაციის მოწყობას შეეცდება. ამის პრეცედენტი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე იყო და მაშინ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა საამისოდ რაიონში რეგიონის პრაქტიკულად მთელი ხელმძღვანელობისა და სპეცდანიშნულების რაზმის ჩასვლა გახდა საჭირო. საშიშროება იმისა, რომ ვაჰაბიტების ფაქტორი ახლაც იქნება გამოყენებული, მოსახლეობაში არსებობს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებს და რაიმე გართულებას ამ მიმართულებით გამორიცხავს. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად იწერება, რომ 28 იანვარს გარდაბანში ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავა თავის აქტივით და ხმების დაცვას შეეცდება, იმ ხმების, რომლის მიღება ოპოზიციურ პარტიას ძალიან გაუჭირდება.

marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.