“ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს ოჯახის წევრებისთვის, საყვარლებისთვის, ბოტოქსებისთვის, მასაჟისტებისთვის იყენებდა,” – ომარ ნიშნიანიძე

2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში 10 მილიარდიანი საფინანსო დოკუმენტის მთავარი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. ამ წუთებში კი ნოდარ ხადური დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ნოდარ ხადურს სთხოვა განემარტა, რომ ახალ სახელმწიფო ვალს მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებისათვის იღებენ.

ნაციონალურ მოძრაობას ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ეგონა და როგორც უნდოდა, ისე იყენებდნენ მას, ოჯახის წევრებისთვის, საყვარლებისთვის, ბოტოქსებისთვის, მასაჟისტებისთვის და რა ვიცი, დროსტარებისთვის. ეს, როგორც იქნა, ჩვენთან მოისპო და იქნებ კონკრეტულად ჩვენს მოსახლეობას განუმარტოთ, რომ ახალი ვალი მხოლოდ მოსახლეობაზე ორიენტირებული” , – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნოდარ ხადურს მიმართეს და განუცხადეს, რომ მას, პირველ რიგში, უმრავლესობის წევრები შეჰყავს შეცდომაში.

შეცდომაში შეგყავთ პირველ რიგში უმრავლესობის წევრები, როდესაც ახსენეთ, რომ ვალი 2016 წელს შეგვიმცირდება, 100 მილიონი დოლარით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე 2012 წელს იყო. ციფრებით როგორი მანიპულირებაც არ უნდა ჩაატაროთ, ამას რეალობაში დღეს მოსახლეობა გრძნობს,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ავტორი: ნატა მახვილაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.