“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისიდან თანამშრომლებს უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი სერგო რატიანი, თანამრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილს პასუხობს და კადრების შემცირების მიზეზებს განმარტავს:

“ჩემმა პარტიულმა მეგობარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საინტერესო სტატუსი დადო, სადაც დაწერა, თითქოს ნაცმოს ცენტრალურ ოფისში შემცირების მიზეზი იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყო, ვინც 7000 – დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს.

ვცდილობ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს არ ვუპასუხო, მაგრამ ამჯერად განვმარტავ:

1. ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა.

2. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

3. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ განთავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო.

4. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი.

5. მე ნაციონალურ მოძრაობაში 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით“ – წერს რატიანი.

წყარო : mediapress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.