„ნაცმოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს – „20 იანვარს ლეგიტიმური და იურიდიულად გამართული ყრილობის ჩატარება შეუძლებელია“

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა.

პარტიის შეფასებით, 20 იანვარს ლეგიტიმური და იურიდიულად გამართული ყრილობის ჩატარება შეუძლებელია.

„2016 წლის 30 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე.

ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი – არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.

კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები“, – ნათქვამია „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.