„ნაცმოძრაობა ლენინივით დაუმარხავი დავტოვეთ“

რას ნანობს ხელისუფლება, ვინ ეწევა მარიხუანას პარლამენტში, რას ელოდებიან ნაციონალების მიერ დაანონსებული აქციისგან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.
– ექვს მარტს ნაციონალები გრანდიოზული საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. რას ფიქრობთ ამაზე „ქართულ ოცნებაში“?
– სანამ ამ აქციაზე დავიწყებდე საუბარს, მინდა მიხეილ მაჭავარიანს გამოვეხმაურო, რომელიც „ახალი თაობის“ ფურცლებიდან იქით სვამს კითხვებს, მოიცათ, არ გჯერათ, არჩევნებს რომ მოვიგებთო. წარმომიდგენია, რა გაოცებული თვალები ექნებოდა, ამას რომ ამბობდა. ნაციონალს არჩევნების მოგების იმედი რომ ექნება, იქ კომენტარიც ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა რაღაც ვთქვა. მაჭავარიანს გადაეცით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან-თქო. ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდა ის, რაც ჩვენი ჰუმანურობით დაგვემართა. წიწილების დათვლისა არ იყოს, ამასაც ხატოვნად ვიტყვი, 2012 წელს გარდაიცვალა ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ის დაუმარხავი დავტოვეთ.
– და ახლა რა მოხდა, მიცვალებული წამოდგა?
– წამოდგომით აწი ვეღარ წამოდგება, მაგრამ დაუმარხაობა მაწუხებს მაგათი. ახლა მეტყვით, ალბათ, დაუმარხავი ლენინიც კი არისო. ასეა ეგ ამბავი, მაგრამ იმას ბალზამირება მაინც აქვს გაკეთებული. ამათთვის ბალზამიც არ გაგვაკეთებინეს და კოაბიტაცია გამოგვაყენებინეს. დაუმარხავი და დაუბალზამებელი მკვდარი ირგვლივ ყველაფერს წამლავს. ამიტომ 2016 წელს აუცილებლად უნდა დავმარხოთ ნაციონალები, ცხადია, პოლიტიკურად.
– ისინი იქით ამბობენ, ჩვენ დავმარხავთ „ქართულ ოცნებასო“ და რომელს უნდა დაგიჯეროთ მკითხველმა?
– კაცო, ზემოთ არ გითხარით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან-მეთქი? შემოდგომაზე ითვლიან პოლიტიკურად გარდაცვლილებსაც. საქმეები ისე მიდის, პოლიტიკურად ძალიან ღრმად ჩავფლავთ და იქიდან ვერასდროს ამოვლენ. ყველაფერი აქეთკენ რომ მიდის, ამას თავადაც გრძნობენ და ამიტომაც ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას. ამიტომაც მოიგონეს ეს აქცია.
– ნაციონალები ამტკიცებენ, რომ თქვენ გაწყობთ არეულობა…
– ჩვენ არაფერში არ გვაწყობს, მოგონილია ეს ამბავი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არცერთ ხელისუფლებას არ აწყობს არეულობა.
– აბა, 2012 წელს ოპოზიციაში მყოფი მეოცნებეები რატომ ამტკიცებდით, რომ სააკაშვილს არეულობა სურდა?
– რომ იცოდეთ, მიშასაც არ უნდოდა არეულობა, უბრალოდ, თავად იყო არეული. ამის ნიადაგზე ჩამოაყალიბა პირსისხლიანი ძალა, რომელმაც გააუბედურა მთელი საქართველო. ნაციონალებისნაირები არა ვართ, თორემ მაგათ მივაგებდით იმას, რაც ეკუთვნოდათ, მაგრამ არ ვართ ჩვენ სადისტები.
– სადისტურ მოქცევას არც არავინ ითხოვს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაც არ შეიძლებოდა?
– სამართლიანობაც აღვადგინეთ, სრული მასშტაბით – არა, მაგრამ პროცესი დავიწყეთ. ვინც ამ თემაზე ყვირის, დამიჯერეთ, ჩანერგილები არიან. ხომ ხედავთ, ამასაც კი კადრულობენ და ცდილობენ, ხალხი ყველანაირად გააღიზიანონ. თითქოს ის არ არის საკმარისი, რაც აქამდე დამართეს ხალხს. თემურ-ლენგსა და მის ლაშქარს არ უქნია ის, რაც სააკაშვილმა და მისმა სადისტებმა ჩაიდინეს.
– თემურ-ლენგმა, მგონი, უფრო დიდი უბედურება დაატრიალა.
– არა მგონია, მაგრამ, მოდით, ეს თემურ-ლენგი არ დამიწერო, თორემ ვიღაცა რაღაც პარალელს გაავლებს.
– გოგი თოფაძის მურვან ყრუსთან გაავლებენ?
– გაუჭირდებათ თუ რა? იტყვიან, საფლავიდან წამოყარეს დამპყრობლებიო.
– მოდით, დამპყრობლებს მართლა შევეშვათ და ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციას მივხედოთ…
– კი ბატონო, მივხედოთ. 6 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან სასწაულ აქციას ველოდები.
– ხუმრობთ თუ მართლა რამეს ელოდებით?
– ხომ გითხარით, სასწაულს ველოდები. ისეთივე საოცარი აქცია იქნება, როგორიც გასული წლის მარტში ჩაატარეს. ახლავე გეტყვით, რომ ეს აქცია იქნება `გრანდიოზული~ და ხალხი რუსთაველზე ვეღარ „დაეტევა“. ერთი იმათ თავში ჩამახედა, ვინც მაგათ აქციაზე მივა. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ თავიანთ ნათესავებს მიიყვანენ, ნაწილს კი, როგორც სჩვევია, ფულს გადაუხდიან.
– ვისაც „გაზპრომის“ შემოსვლა არ უნდა და ისე წავა იმ აქციაზე, იმათ თავშიც გინდათ ჩახედვა?
– „გაზპრომის“ შემოსვლა შესაძლოა მეც არ მინდოდეს, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივი თვალით.
– „ნაციონალები“ ამბობენ, რომ საკითხს სახელმწიფოებრივად უდგებიან და ამტკიცებენ, რომ „გაზპრომის“ შემოსვლის პარალელურად, საქართველოს რუსეთში მიათრევთ…
– ის არ უთქვამთ, როგორ მივათრევთ? ეშელონს ჩავაბით და ისე ჩაგვყავს რუსეთში ქვეყანა? სირცხვილი არაა, რომ ამაზე იღებენ ხმას? თავადაც გადასცეს ყველაფერი რუსეთს და გაზპრომი რატომ შემოგყავთო? არის სადმე სხვა ალტერნატიული ძალა და უარს ვამბობთ? არის ირანიც, მაგრამ იქიდან გაზის შემოსატანად მოლაპარაკებებია საჭირო. იყო იქ ჩასული კალაძე, მაგრამ ერთი შეხვედრა არ კმარა. კარგად იციან ნაციონალებმა, რომ გაზპრომის შემოსვლა საქართველოსთვის სახიფათო არაა, ისიც იციან, რომ რუსულ ორბიტას არავინ უბრუნდება, მაგრამ რაღაცაზე ხომ უნდა იყვირონ. ნაციონალებს დიდი სურვილი აქვთ, საქართველო გაზის გარეშე დარჩეს, რათა შემდეგ არეულობის დასაწყებად საბაბი ჰქონდეთ. სწორად იკითხა იმ დღეს ჩემმა კოლეგა გიგა ბუკიამ, რუსული გაზი თუ არ შეიძლება, მარიხუანა რატომ არის დასაშვებიო.
– თქვენც ეთანხმებით ბუკიას მოსაზრებას, რომ მარიხუანა რუსულ გაზზე საშიშია?
– მაგათთვის მარიხუანა კი არა, კოკაინიც მისაღებია. მათი ლიდერი ათას უბედურებას ყნოსავდა და ეწეოდა. წინა მოწვევის პარლამენტში დიმიტრი ლორთქიფანიძე შემოვიდა ინიციატივით, რომ ყველა საჯარო მოხელეს ჩაეტარებინა შემოწმება ნარკოტიკებზე. ის ითხოვდა, რომ შემოწმება თმის ღერის მეშვეობით მომხდარიყო. ნაციონალებმა, რომლებსაც მაშინ პარლამენტში უმრავლესობა ეკავათ, კატეგორიული უარი თქვეს ამაზე. რანაირად დათანხმდებოდნენ, როცა ნახევარი პარლამენტი რაღაცას ეწეოდა. მაგათ ლიდერზე აღარაფერს ვამბობ. ან იმას შემოწმება რაში სჭირდებოდა, ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობაში იყო მახათას მთაზე.
– ამ პარლამენტშიც ხომ არ ეწევა ვინმე მარიხუანას?
– მე რა ვიცი, ვინ რას ეწევა. ჩემი ამბავი თუ გაინტერესებთ, სიგარეტსაც არ ვეწევი. დეპუტატების არ ვიცი, მაგრამ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი განიხილებოდა, ისეთი ხალხი მოიყვანეს, აშკარად ეტყობოდათ მოწევის კვალი.
– რაზე ეტყობოდათ?
– ძალიან იყვნენ შენელებულები.
– თქვენი კოლეგებისთვის ასეთი შენელება არ შეგიმჩნევიათ?
– შემჩნევითაც შემიმჩნევია და ეჭვიც მაქვს, მაგრამ ასეთ რამეს მტკიცებულების გარეშე ვერავისზე იტყვი.
– ზემოთ თქვით, ნაციონალებს პოლიტიკურად დავმარხავთო. წინა ინტერვიუში გვითხარით, ფსიქიატრიულში მოხვდებიანო და რაიმე შეიცვალა?
– ფსიქიატრიული კარგად გამახსენეთ, სანამ დროა, მიმართონ ფსიქიატრებს, თორემ მერე მკურნალობას აღარ დაექვემდებარებიან.

წყარო: ახალი თაობა

Comments
Loading...