ნავთობპროდუქტების გამოყენებით გადამწვარი სამება და ბრძოლა 4 მილიონისთვის

სამების ტაძარში მომხდარი ხანძრიდან უკვე რვა თვე გავიდა, თუმცა გამოძიება მოკვლევის შედეგების განსაჯაროებას არ ჩქარობს. ტაძრის მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) აცხადებს, რომ ჩატარებული ექსპერტიზებისა და გამოძიების შედეგები, პატრიარქის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ საჯაროვდება.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში «აქცენტს» დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატარდა ექსპერტიზა ხანძრის გასაჩენად ნავთობპროდუქტების გამოყენების საკითხზე.

«ჩვენთან ერთი ექსპერტიზა იყო დანიშნული – ნავთობპროდუქტების სამმართველოში. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, არ გვაქვს ამის უფლება. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ექსპერტიზა დასრულებულია და შედეგები გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში» – განგვიცხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრეს-სამსახურის უფროსმა სოფო დვალიშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგები პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს გადაეგზავნა. თუმცა ამ უწყებაში ხანძრის გამომწვევ  მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

სამაგიეროდ საპატრიარქოდან სანდო წყარომ «აქცენტს» სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი  საკათედრო ტაძრის სასწავლო ცენტრში და რა პროცესები განვითარდა თავად საპატრიარქოში მას შემდეგ, რაც ხანძრისგან დაზიანებული  ტაძრის ნაწილის  რეაბილიტაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში. როგორც კონფიდენციალური წყარო  აცხადებს, გამოძიების შედეგები გამაოგნებელია: ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს.

აქვე განვმარტავთ, რომ  მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ  სტანდარტებს და ვფლობთ ინფორმაციის მოწოდების დამადასტურებელ აუდიოჩანაწერს. სწორედ ამ ინტერვიუს  ვთავაზობთ მკითხველს:

– ფლობთ თუ არა წინასწარ ინფორმაციას გამოძიების შედეგებზე, რომელიც სამებაში გაჩენილ ხანძარს უკავშირდება?

– ის, რომ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, უკვე ცნობილია და არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ადასტურებს, რომ აალება შემთხვევითობის ბრალი არ იყო.

– ვის შეიძლება, ჩაედინა ეს ვანდალური აქტი?

– ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე შემიძლია, გესაუბროთ იმ საეჭვო გარემოებებზე და პროცესბზე, რომელიც სამების დაზიანებული ნაწილის აღდგენას უკავშირდება.

– რა პროცესებს გულისხმობთ?

– როცა ხანძრისგან დაზიანებული ნაწილის აღდგენის საკითხი დადგა დღის წესრიგში, პატრიარქმა სპეციალურად გამოყოფილ ჯგუფს დაავალა, ეწარმოებინა მოლაპარაკები მთავრობასთან. პირველ რიგში, დაიგეგმა შეხვედრა  პრემიერთან, რომელზეც გადაწყდა, რომ მთავრობა 4 მილიონ ლარამდე თანხას გაიღებდა  სამების აღსადგენად და ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო საპატრიარქოს ქონების მართვის დეპატრამენტის ანგარიშზე. თუმცა სრულიად მოულოდნელად, პროცესებში საკუთარი ინიციატივით  ჩაერთო ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. ის დამოუკიდებლად მოქმედებდა და ამ სამუშაო ჯგუფში არ შედიოდა.  როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეუფე იაკობმა გამოიყენა საკუთარი რესურსები, კერძოდ, კავშირები  ფინანსთა სამინისტროსთან და  მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა იმ ანგარიშებზე ჩარიცხა, რომელსაც თავად აკონტროლებს.  ეს სქემა განხორციელდა, რა თქმა უნდა,  პატრიარქთან შეუთანხმებლად და მეტიც, პატრიარქს ორკვირიანი დაგვიანებით შეატყობინეს, რომ სამების აღსადგენად თანხები ჩაირიცხა. რა თქმა უნდა, ამ თვითნებობას მოჰყვა შეკითხვები..

– რატომ ჩაერთო მეუფე იაკობი ამ პროცესში დამოუკიდებლად?

-ერთადერთი მოტივი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და ფულის გათეთრებაა. ფაქტია, რომ სამების აღდგენის ის პროექტი, რომელიც პატრიარქთან შეთახმდა, არ განხორციელდება. რა თანხებს დახარჯავს იაკობი და რა ხარისხით  მოხდება სამების აღდგენა,  მალე გამოჩდება. უფრო სწორად, უკვე შეიცვალა ბევრი რამ და რეაბილიტაციის პროცესი დაბალი ხარისხის მასალებითა და შემცირებული თანხებით მიმდინარეობს.

 

– მაგრამ მეუფე იაკობი საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური  საბჭოს ხელმძღვანელი გახლავთ. რის საფუძველზე ადანაშაულებთ მას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში?

– ამას ვამბობ, რადგან არსებობს საფუძველი. კერძოდ,  ცოტა ხნის წინ ბოდბელმა  ეპისკოპოსმა  იაკობმა ე.წ. ქეშით ორი ძვირადღირებული «ჯიპი» Land cruiser 200 (აღნიშნული მოდელის ფასი 100-დან 150 ათას ლარამდე მერყევობს) შეიძინა.  ეს მანქანები ეპისკოპოსმა მის ძმაზე გააფორმა. ერთი «ჯიპით» ეს უკანასკნელი თავად  სარგებლობს, მეორე კი პარლამენტის წევრ რამაზ ნიკოლეიშვილს გადასცა და ის გადადგილდება იაკობის მიერ ნაყიდი მანქანით. აი, ეს საეჭვო ფაქტები იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ სამების აღსადგენად გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ისე, საინტერსოა, რატომ გადასცა «ნაციონალური მოძრაობის» წევრ დეპუტატს «ჯიპი» მაშინ, როცა ის თითქოს ვერ იტანს «ნაციონალებს»…

– რაში სჭირდება მეუფეს მსგავსი მაქინაციები?

– ამ კითხვაზე პასუხი საპატრიარქოს აქვს. ბოდბელი ეპისკოპოსი,  მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორეს დახმარებით შორენა თეთრუაშვილი აკონტროლებენ საპატრიარქოს ქონებას და უმოწყალოდ ასხვისებენ მას. რომელი ერთი უნდა ჩამოვთალოთ? ვერაზე მდებარე მრავალ მილიონ დოლარად შეფასებული სამშობიარო სახლი, 15 მილიონ დოლარად გაყიდული «სნოს» წყალი, თუ ხაშმის ღვინის ქარხანა? საპატრიარქოს ქონებას სწორედ ეს ადამიანები ყიდიან, ეს უნდა დამთავრდეს და, ღვთის წყალობით, მალე დამთავრდება! ჯერ-ჯერობით კი, სამწუხაროდ, მეუფე იაკობს და ჩემს მიერ ჩამოთვლილ სხვა პირებს ოკუპირებული აქვთ საპატრიარქოს  ფინანსური ანგარიშები.

ამ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები მოგვიანებით დეტალურად გადავამოწმეთ სამების საკათედრო ტაძარშიც და საპატრიარქოშიც. სამებაში მოღვაწე არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) აცხადებს, რომ ტაძრის წინამძღვარი რეაბილიტაციაში ჩართული არ არის და მიმდინარე პროცესებს მართლაც მეუფე იაკობი აკონტროლებს:

– მამა ილია, როგოც ვიცით, დაიწყო სამების ტაძრის ხანძრისგან დაზიანებული  ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია. როდის დაიწყო და რა პერიოდში დასრულდება ეს პროცესი?

– კი დაიწყო, მაგრამ არ ვიცით, რა დრო დასჭირდება. მე არ ვარ ჩართული. საპატრიარქოდან არიან ჩართულები და მე არ მაქვს ინფორმაცია.

– და ვინ ხელმძღვანელობს ამ პროცესს?

– მეუფე იაკობი.

– მამა ილია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები თუ დადგინდა?

– მიმდინარეობს გამოძიება, მათ დაუკავშირდით. გმადლობთ.

მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველსაც  ვთხოვეთ.

– მამა მიქაელ, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რა ინფორმაციას ფლობთ სამებაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების თაობაზე?

– ხუთი თვეა, პროკურატურა არკვევს და მე ერთ წინადადებაში გითხრათ?!

– არსებობს ვერსია, რომ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს. ამის შესახებ თუ გსმენიათ?

– ამასთან დაკავშირებით ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, ამ საკითხზე არ ვარ მიჩენილი.

– თქვენთვის არც ის არის ცნობილი, რომ  ნავთობპროდუქტებზე  ჩატარდა ექსპერტიზა?

– თქვენ გცოდნიათ უფრო მეტი, მე ეს პირველად მესმის..

– ეს ინფორმაცია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაგვიდასტურა…

– აკი გითხარით, მე არ ვარ ამ სფეროთი დაკავებული და სხვა მიმართულება მაბარია საპატრიარქოში..

 – კი ბატონო, იქნებ მომდევნო კითხვაზე გქონდეთ პასუხი. სამების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხებს მეუფე იაკობი განკარგავს. მას ამ პროცესებში მონაწილეობა დაავალეს, თუ საკუთარი ინიციატივით ჩაერთო?

– მეუფე იაკობი არის საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავჯდომარე და ამიტომ არის დაინტრესებული. მან უნდა განკარგოს ფინანსები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

 

– ჩვეთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქის დავალებით პრემიერთან სამების რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხზე მისული  იყო კონრეტული ჯგუფი და მეუფე იაკობი მასში არ შედიოდა. როგორ მოხდა შემდეგ ისე, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსები მეუფე იაკობის ანგარიშებზე ჩაირიცხა?

– რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰქონდა დავალებული და ვინ დაელაპარაკა მთავრობას თანხის ჩარიცხვაზე?! თანხა ჩაირიცხა იმ ანგარიშზე, რომელზეც უნდა ჩარიცხულიყო. ანუ, საპატრიარქოს ლეგიტიმური ურთიერთობა ამ ანგარიშით აქვს სახელმწიფოსთან და აქ მნიშვნელობა არ აქვს, მეუფე იაკობი იქნებოდა, თუ მიქაელ ბოტკოველი, აქ არც იკობია შუაში, არც მე და არც სხვა – ვინმე დუმბაძე რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა ამ ანგარიშის განმკარგავი…
რაც შეეხება მეუფე იაკობს, მასთან დაკავშირება «აქცეტნმა», მრავალი  მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო. არ უპასუხა ჩვენს კითხვებს დეპუტატმა რამაზ ნიკოლეიშვილმაც. მზად ვართ, ნებისმიერ დროს მივცეთ მათ საშუალება საკუთარი არგუმენტების წარმოსადგენად.

წყარო: ახალი ამბების სააგენტო “აქცენტი” 

Comments
Loading...