„ნება იბოძოს ბატონმა ნარმანიამ და ფხა გამოიჩინოს“ – მერიასთან აქციაზე „ნაცმოძრაობის“ წევრები მივიდნენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა დათუკიშვილი დედაქალაქის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და თბილისის მერ დავით ნარმანიას დაზარალებულებისთვის სარეზერვო ფონდიდან დახმარებას სთხოვს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის მერიასთან მივიდნენ, სადაც სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეების მიერ აქცია იმართებოდა.

„ბაზრის დირექტორი მისცემს თუ არა სამთვიანი შეღავათიანი პირობებით ალტერნატიულ ფართს არ აინტერესებთ, რადგანაც ყველაფერი დაეწვათ. არაფერი გააჩნიათ, რომ შეღავათით მიცემულ დახლზე დააწყონ. ამიტომ, ნება იბოძოს ბატონმა ნარმანიამ, რომელსაც ორმილიონიანი სარეზერვო ფონდი გააჩნია და დაზარალებულებისთვის გამოიყენოს.

ნარმანიამ გამოიჩინოს ფხა და მთავრობა აიძულოს, მერიას მიზნობრივი ტრანსფერი გადმოსცეს, რომლის საშუალებითაც ამ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენს“, – განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა კომპენსაციის მიღებაა. მოვაჭრეები თბილისის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა დაცვა მათ ამის საშულებას არ აძლევდა. საბოლოოდ კი, აქციის სამი მონაწილე მერიის შენობაში შევიდა.

Comments
Loading...