ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს

შეწყალების კომისიის საქმეზე, რომლის გამოძიებასაც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ითხოვს, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე უკვე დაიკითხნენ.

პროკურატურაში გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

როგორც ცოტა ხნის წინ ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, კობახიძე და ბესელია რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ გამომძიებლების კითხვებს. თუმცა, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმესთან დაკავშირებით მოხდა მისი კოლეგების დაკითხვა.

გია ვოლსკიმ არც ის თქვა, რა ფორმით მოხდა მათი დაკითხვა.

“ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან შევაჩვიეთ საზოგადოება, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ დავაზუსტეთ და ვერ დავადგინეთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენებების ნაკრებს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად წამების თემებთან დაკავშირებით.

“წამების ბრალდებით, ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება რაღაც წიაღსვლების აუცილებლობა გამოიწვიოს. გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა ან რაღაც შესაძლო გარიგებების ამასთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არათუ უსაფუძვლო, უზნეოც არის”, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზეთ “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც “კვირის პალიტრა” წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

გაზეთთან საუბარში მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.