თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება წერს, რომ სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დაწყებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებთან კოორდინაციით.
"ჩვენმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა სი-130-მა, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას აპირებდა, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დაწყებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებთან კოორდინაციით," - წერს თურქეთის თავდაცვის უწყება.
ავიაკატასტროფას ეხმაურება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც. ალი იერლიკაია X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა, რომელიც ადგილზე მიდის.
ავიაკატასტროფა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა - ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. "კურიერმა" მოიპოვა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "სი-130"-მა, იგივე ჰერკულესმა. "ფლაი რადარის" მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
