გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მისი თანაგუნდელები ეხმაურებიან. "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, პარტიის ლიდერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი "პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს."
"არ ყოფილა სიურპრიზი ეს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთქვით ამასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსებული პერსონალური ვენდეტა, შესრულდა. ამის თანმდევი პროცესი არის ეს, რომელიც შემდეგ გადაიზარდა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ორჯერ, შემდეგ კი, უკვე დაიწყო გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდზე და, ასევე, 20 ივნისი აბსურდული საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის დღესდღეობით "ოცნება" - პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით კი, 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, თუმცა ასეთ საკითხებზე გამოძიება, მისი შეფასებით, დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა უნდა აწარმოონ.
"დეტალებში არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს 20 ივნისთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც საქართველოს ეყოლება დამოუკიდებელი გამოძიება, დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი ინსტიტუტები. დღეს იდევნება სრულიად ქართული სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური ლიდერი", - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 20 ივნისის საქმე და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდი - მას ბრალი წარედგინება აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. გამოძიების ინფორმაციით, გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად გამოყენება, გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის გარეშე. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურატურის განცხადებით, მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.
