კიდევ ერთი აღიარება და დასტური, რომ ოპოზიცია გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი დაიწყოს.
"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოთხივე რადიკალი პარტია იმართება ერთი ვერტიკალიდან და მოქმედებენ გარე დავალებებიდან გამომდინარე. კონკრეტულად ამ სარჩელზე, გარე დავალება მიიღეს თუ ეს უბრალოდ "გასაპრავებლად" სჭირდებათ თავიანთ ამომრჩეველთან, იქიდან გამომდინარე, რომ აცხადებენ, არ უნდა ვენდოთ სასამართლოსო და თვითონ მიმართავენ სასამართლოს, ეგ უკვე მეორე მხარეა. [სიმართლე] შეიძლება ერთიც იყოს ამაში და მეორეც", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა უკვე გაასაჩივრა. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ სამართალ წარმოება საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით დაიწყეს. ეს პირველი ეტაპია და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მზადდება სხვა სარჩელებიც.
