ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი" დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, თეთრ სახლს ავალდებულებს, 180 დღეში დადოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, საუბარია საქართველოზეც.

ჯო უილსონი ჩინეთის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს მაშინ, როცა მისივე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საჯაროდ აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი "კარგი მეგობარია".

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, დოკუმენტი ახლა სენატში გადაინაცვლებს, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

"საქართველო შეერთებული შტატების მამაცი, დიდი ხნის მოკავშირეა და მისი მოსახლეობა აბსოლუტურად უჭერს მხარს დასავლეთთან მტკიცე ურთიერთობას, კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს და შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების მთავარი მიმღები", - განაცხადა აშშ-ს კონგრესმენმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) თანათავმჯდომარემ, ჯო ვილსონმა.