თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, რომელშიც უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არსებული სამედიცინო დასკვნების სანდოობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ჩვენ მოწმენი გავხდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რამდენიმეთვიანი ცრუ კამპანიისა, რომელშიც უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული. ბოლოს კი გაირკვა, რომ ამ ყველაფერში ფული ჰქონდათ აღებული. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას კონკრეტულმა მაღალი თანამდებობის პირებმა, მინიმუმ, ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
