ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში ითხოვს. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში მსჯელობენ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ვიზების დაწესებაზე, თუმცა ოპოზიცია მათ არწმუნებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი უშედეგო იქნება.

"პრაიმ-ტაიმის" ცნობით, ევრობიუროკრატებისთვის ეს საპირისპირო არგუმენტია, რადგან ისინი თვლიან, რომ თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც, მოქალაქეები ხელისუფლებას არ შეცვლიან, მაშინ ევროპიდან იძულებულები იქნებიან, მოქმედ ხელისუფლებას ესაუბრონ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს მთლიან საზოგადოებას გამოუტანოს სასჯელი და "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის თავისუფალი მიმოსვლის საშუალება წაართვას.

 
 

"სცადეს ლარის კურსზე შეტევა, სცადეს დესტაბილიზაცია საქართველოსი, აგერ რუსთაველზე ცეცხლი ენთო დიდი ხანი და შანტაჟის ერთი უძლიერესი რესურსი დარჩა ის, რომ საზოგადოებას მთლიანად სასჯელი გამოუტანონ და უთხრან, რომ თუ თქვენ "ქართულ ოცნებას" უჭერთ მხარს, მაშინ არც თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის ღირსები ხართ. ეს მიმართულება მუშავდება, პირველი სამიზნე არიან ახალგაზრდობა და მეორე, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სექტანტის აღტყინებით ემსახურება "ნაცმოძრაობას" უკვე წლებია. ეს რეალობა აქვთ, მაგრამ ამ რეალობასაც დავძლევთ, ვინაიდან უსამართლობის ეს ხარისხი იქნება გადაჭარბება, იმ პრინციპებზე გადაბიჯება, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.