ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
სააგენტომ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.
ვიზალიბერალიზაციის თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პაველ ჰერჩინსკის დაუსვეს. ელჩი ამბობს, რომ ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვისაც. შეფასება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელისთვის სავიზო რეჟიმის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება გარკვეულ ჩვეულებად იქცა.
"სავიზო რეჟიმის, როგორც ინსტრუმენტად გამოყენება, ეს ბრიუსელისთვის იქცა გარკვეულ ჩვეულებად. ვხედავთ, რომ ვერ მოძებნეს ვერანაირი გზა, რომ ეს გამოეყენებინათ და ახლა ახორციელებენ გარკვეულ ცვლილებებს წესებში იმისათვის, რომ როგორმე საქართველოსთან მიმართებაში, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გამოიყენონ, როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი. შეგიძლიათ დააკვირდეთ განცხადებებს, როგორ ხდება სწორედ იმ ცვლილებების დაკავშირება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან, რომ საქართველოში ხალხი ანერვიულონ. საქართველოში ხალხი ვერ ინერვიულებს. სწორედ ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის ამოცანა, რომ ყველაფრის ფასად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ყველაფრის ფასად იბრძოლონ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
