ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა.
ამ დროისთვის, ავიაკატასტროფაში დაღუპული 19 პირის ცხედარი ნაპოვნია. ეძებენ კიდევ ერთს. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ოპერატიულ შტაბში მიმდინარე ოპერაციას ხელმძღვანელობს.
ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან 2 საათზე აფრინდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და 5 კილომეტრში კატასტროფა განიცადა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია თურქული მხარეც.
