ავიაკატასტროფის ადგილზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრთან, გეკა გელაძესთან ერთად, მისი პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფა მოხდა - ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი.
კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "სი-130"-მა, იგივე ჰერკულესმა. "ფლაი რადარის" მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
